პრეზიდენტი: მე მოგაწოდეთ ხალხის აზრი და ხალხს აქვს პრობლემები

საქართველოს პეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში დღეს დებატები შედგა. მისი თქმით, მან ბევრი კრიტიკა მოისმინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან პარლამენტში დღეს ქართველი ხალხის აზრი წარმოადგინა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გითხრათ, საქართველოს პარლამენტში შედგა დებატები. ეს დებატები იყო ძალიან ფართე, მრავლისმომცველი. ნამდვილად გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტს სჭირდება პოლიტიკური მსჯელობა, პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური აზრის გამოთქმა. გამოჩნდა, რომ ის, რაც არის პარლამენტი – ადგილი, სადაც პოლიტიკური მსჯელობა მიმდინარეობს, ეს საჭიროება იყო.
მიხარია, რომ ეს დებატები შდგა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე საკუთარი თავის მიმართ. ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივიც არის.
ერთი მხრივ, სახელისუფლებო მხარე მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ ვიყავი ზედმეტად კრიტიკული. მეორე მხრივ, ოპოზიციისთვის არ ვიყავი საკმარისად კრიტიკული. მე თავიდანვე მოგახსენეთ, რომ არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი. მე ვცდილობ პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და შეხედულებები. მე მიზნად არ გამიხდია ან მხარი დამეჭირა ხელისუფლების წარმატებებისთვის, ან ზედმეტად გამეკრიტიკებინა ის, რაც გაკეთდა. მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები და ხალხის აზრი და ხალხს აქვს პრობლემები.
სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეზე მე ახლა არ ვიდავებ, კარგი იქნება გაესაუბროთ საზოგადოებას და იმ გასაჭირს შეხედოთ პირდაპირ, რომელიც მე თქვენამდე მოვიტანე – ხალხს უჭირს, არის პრობლემები, მათ ესმით წარმატებებიც, მაგრამ არის სერიოზული გასაჭირი და მათ უნდათ ამის გაზიარება და მათ სჭირდებათ თქვენი ყურადღება. მე ამ გაჭირვებას ვერ ვუპასუხებ სტატისტიკით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები