დეპუტატმა პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკის ეფექტიანობაზე მიუთითა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტს მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკური პრობლემები თან სდევს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, თუმცა მთავრობა ამ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებს.
ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ განაცხადა.
“საქართველოს ეკონომიკური პრობლემები თან სდევს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ეკონომიკური პრობლემაა მაღალი დოლარიზაცია, უარყოფითი სავაჭრო ინდექსი, მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და სხვ. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა დღეს ეჭიდება სწორედ ამ მემკვიდრეობით პრობლემებს, ეტაპობრივად აგვარებს მას და შესაბამისად, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას უპრეცედენტოა ის მომენტი, რომ ხელისუფლებას დასახული აქვს, რომ მხოლოდ მიმდინარე ამწუთიერი ცალკეული პრობლემების მოგვარება არ არის მისი პრიორიტეტი, არამედ მისი პროგრამა ემსახურება გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის ფუნდამენტის შექმნას. ბატონო პრეზიდენტო! სწორედ ინსტიტუციური, საფუძვლიანი შექმნის მაგალითებია ის, რომ ჩვენ გვინდა და ვიწყებთ კაპიტალიზმის ბაზრის რეფორმას, საპენსიო რეფორმას , დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება, რომლის ინიცირებაც 10 წლით დაგვიანდა. პოზიტიური ტრენდი და პირველი შედეგები უკვე სახეზეა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალის მშპ-ს რეალურმა ზრდამ დაახლოებით 4,8% შეადგინა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენ გვიდევს 4 %-იანი მშპ-ს ზრდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იანი გადაჭარბებით არის შესრულებული. ნომინალურად ჩვენ მივიღეთ 152,7 მილიონი ლარით მეტი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 496 მილიონი ლარით აღემატება. ეს ნამატი თანხა რა თქმა უნდა მოხმარდება თითოეული ქართველის , საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას. გაუმჯობესდება საქართველოს ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, მარტში ინფლაციური ფონი დასტაბილურდა და ეს ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ კურსს მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეს მიღწეული იქნა ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით. შედეგად 285 მილიონით გაიზრდება ეროვნული ბანკის რეზერვები.
“2017-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით საშვილიშვილო პროექტები ხორციელდება. მათ შორის 800 კმ-იანი გზების მშენებლობა, ქუთაისისა და თბილისის- აეროპორტების განვითარება, შენდება აეროპორტების დამატებითი ტერმინალები, სარკინიგზო ხაზი, მთავრდება ყარსი-ახალქალაქის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზი, იწყება ახალი გაზსაცავის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მიერ პრაქტიკულად საქართველოში 1500 პროექტი ხორციელდება, სადაც დასაქმებულია 21 000-მდე ადამიანი. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში 242 პროექტია განხორციელებული, სადაც 560 მილიონი დოლარია არის ჩადებული და დასაქმებულია 11 000-მდე ადამიანი. გაზიფიკაციის პროექტი, რომელიც უამრავ ქართულ ოჯახს ეხება, პრაქტიკულად 35 500 ოჯახში იქნა შეყვანილი. ტესტირების რეჟიმშია გადაყვანილი დარიალის ჰესი , შუახევის ჰესი, ხელვაჩაურის და კირნათის ჰესები, ჯამური მეგავატი ამ ჰესების არის 400, ინვესტიციები 711 მილიონის ფარგლებში”, – აღნიშნა დეპუტატმა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ინვესტიციების მხრივ, დღევანდელი შედეგი ძალიან კარგია. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს ეკონომიკას და გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს.
“2014 წელს ინვესტიციებმა შეადგინა 1 758 მილიონი დოლარი. 2015 წელს 1 564 მილიონი დოლარი, ხოლო 2016 წელს 1 645 მილიონი დოლარი. უკეთესი შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ მხოლოდ 2007 წელს გვქონდა. აი ამ შედეგის ჯიბეზე ასახვას გარკვეული პერიოდი სჭირდება თავისი გადაცემის მექანიზმები აქვს მას. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ რამოდენიმე თვის წინ დავამტკიცეთ. ირიბად თუ პირდაპირ 1 350 მილიონი ლარი გვაქვს ჩვენ ჩადებული იმისათვის, რომ ბიზნესს დავეხმაროთ. ეს ერთის მხრივ ჩვენ მოგვიტანს ეკონომიკის დაჩქარებას და მეორეს მხრივ მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ესტონური მოდელი, რომელიც არის იდეალური გარემოს შექმნა რეგიონში ნებისმიერი ინვესტორისათვის”, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის დებატები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები