მამუკა მდინარაძე : ჩვენ დღეს მოვისმინეთ ზოგადი, აბსტრაქტული, არა საგნობრივი და შინაარსობრივი ბრალდებები

მინდა პრეზიდენტს მადლობაც გადავუხადო, თუნდაც იმ რამდენიმე წინადადებისთვის, როდესაც ის შეეხო წარმატებულ რეფორმებს, ძირეულ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლისას არა კრიტიკა და პოზიტივი, არამედ ბრალდებები და პოზიტივები აირია ერთმანეთში.
„არ შეიძლება სახელი არ დაერქვას გამოსვლის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით დასაწყისსა და დაბოლოებას. არსებობს კრიტიკა, უტრირებული კრიტიკაც და არსებობს დაბრალებაც – ბრალდებები. სწორედ ბრალდებები ვნახეთ დღეს. გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ არა კრიტიკა და პოზიტივი, არამედ ბრალდებები და პოზიტივები აირია ერთმანეთში, თუმცა ბრალდებების ტონი იყო გაცილებით ხისტი. მაშინ როდესაც არსებობს თანხმობა ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებზე, საუბარი მაქვს საგარეო კურსზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე და შესაბამისი განვითარების ტენდენციებზე, გაოცებას იწვევს ბრალდების ასეთი ფორმა”, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა ასევე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
”მივმართავ ბატონ პრეზიდენტს, დასანანია, რომ არ იღებს ის მონაწილეობას იმ ისტორიულ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ახალი საკონსტიტუციო მოწყობა. თქვენ არჩიეთ პარალელური პროცესების მართვა სამწუხაროდ, რაც მოკლებულია საგნობრივ, რეალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მმართველი გუნდის გულწრფელი პოლიტიკური ნება, განავითაროს და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო.
”ჩვენ ვფიქრობთ განხორციელებული რეფორმების შედეგად უზრუნველვყოფთ, რომ ყოველი დღე იყოს წინაზე უკეთესი. ბუნებრივია, იქნება შეცდომებიც, ხარვეზებიც, კრიტიკაც და ბრალდებებიც, რომელიც დღეს მოვისმინეთ, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს მმართველი გუნდის გულწრფელი პოლიტიკური ნება, განავითაროს და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მმართველ გუნდს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციაც. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ზოგადი, აბსტრაქტული, არა საგნობრივი და შინაარსობრივი ბრალდებები, არ მაქვს მხოლოდ პრეზიდენტზე საუბარი, არამედ პოლიტიკური განცხადებები, რომლებსაც რიგ შემთხვევებში იურიდიული საფუძველი არ გააჩნდათ და არ შეესაბამებოდა სიმართლეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები