ეკა ბესელია: ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიცია არათანმიმდევრული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არათანმიმდევრული იყო. როგორც ბესელიამ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, კანონთან დაკავშირებით, მისი შენიშვნები მის განცხადებებთან წინააღმდეგობაშია.
„ძალიან არათანმიმდევრული იყო საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ჯერ პარლამენტს უთხრა, რომ კანონი ერთ თვეში უნდა მიიღოს. შემდეგ უთხარით, რომ ერთი გასაღები უნდა იყოს შსს-სთან, ხოლო მეორე გასაღები – სასამართლოში. შემდეგ გვითხარით, რომ ერთი გასაღები უნდა იყოს უკვე პრემიერ-მინისტრთან და ინსპექტორთან და ახლა უკვე საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის ის შენიშვნები იმ სტანდარტებთან, რასაც ჰქვია დაბალანსება მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის.
ეს ეწინააღმდეგება სწორედ კონსტიტუციის დათქმას, გარდა იმისა, რომ თავისი შინაარსით ლოგიკასაც ეწინააღმდეგება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოვახდინოთ დემონსტრირება პირველ რიგში, კონსტიტუციის პრინციპების ზუსტი დაცვის, ამავე დროს, ინსტიტუციებისადმი ნდობისა და პატივისცემის“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური პრინციპების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციებს. ასეთივე პატივისცემას იმსახურებს პარლამენტი, რომლის საკანონმდებლო საქმიანობაში შეჭრისა და მისთვის კონკრეტული მითითებების მიცემის უფლება არავის აქვს და შენიშვნები არ უნდა სცილდებოდეს ფარგლებს და არ უნდა ქმნიდეს პირდაპირ ჩარევის საფუძველს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტის პატივისცემა, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანო. დიახ, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და ასევე, პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები