დავით ბაქრაძე: არანაირ პოლიტიკურ კამპანიას და ალიანსს ბატონ მარგველაშვილთან არ განვიხილავთ

“არანაირ პოლიტიკურ კამპანიას და ალიანსს ბატონ მარგველაშვილთან არ განვიხილავთ”, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, იგი მხარს უჭერს პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან იგი ერთადერთია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არ კონტროლდება.
„მე მინდა, თავიდანვე განვაცხადო ყველა ჟურნალისტის, ექსპერტის, გულთმისნის, მჩხიბავის, ჩიტიანი და უჩიტო, კუდიანის და უკუდოს მისამართით – არანაირ პოლიტიკურ კამპანიას და ალიანსს არ განვიხილავთ ბატონ მარგველაშვილთან. მაგრამ, მინდა ასევე მკაფიოდ განვაცხადო, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს არის აუცილებელი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
დღეს ქვეყანაში დარჩა მხოლოდ სამი ინსტიტუცია, რომელიც არ კონტროლდება ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან: პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ”რუსთავი 2”, – განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ სამივე დღეს არის ხელისუფლების შეტევის ქვეშ.
“აუცილებელია ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, სწორედ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ ქართული დემოკრატიის და უკეთესი მომავლის ეს ბასტიონი, რომელიც რჩება არაკონტროლირებადი ინსტიტუტების სახით. სწორედ ამიტომ, მე არ ვაპირებ პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსობრივ კრიტიკას, თუმცა ვისურვებდი, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ყოფილიყო უფრო კონკრეტული, არა მხოლოდ მის სიტყვებში, არამედ მის მოქმედებებში.
ვისურვებდი, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში ყოფილიყვნენ იმავე პოზიციის გამზიარებლები, რომ სასამართლოს სჭირდება მეტი თავისუფლება და მეტი ცვლილება. ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენ სასამართლო პრობლემებზე საუბრობთ, მოსამართლეებს მიმართავთ და მათგან არის დუმილი, დუმილი არის იმიტომ, რომ თქვენი წარდგენილი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში ძალიან მალე გახდნენ ნაწილი იმ კლანური სისტემისა, რომელიც დღეს სასამართლოს მართავს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები