აკაკი ბობოხიძე პრეზიდენტს – თუ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გაქვთ შესაძლებლობა იმოქმედოთ ქართველი ხალხის სახელით

ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება, იმოქმედოს ქართველი ხალხის სახელით.
ბობოხიძის შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებასთან დაზავება და მისთვის მშვიდად ყურება ქვეყნისთვის დამღუპველია.
”ამ რამდენიმე ხნის წინ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ.
მინდა, დავამშვიდო ბატონი გედი – ეს არის ერთადერთი რამ, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის. ეს ის თემაა, სადაც თქვენ ბოდიში ნაკლებად გაქვთ მოსახდელი, მაგრამ თავად დამოკიდებულება, რომ მარგველაშვილის გამო, ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადოთ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს თქვენს ღირებულებით სისტემაზე მეტყველებს. თქვენი ლოგიკით, რატომ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის გამო ბოდიში მოსახდელი? რატომ არის პრეზიდენტი მარგველაშვილი გუნდის მოღალატე? – მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო – დავესესხები იმ ბრძენ კაცს, რომელმაც ბრძანა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა – არ ემსახურება და არ გახდა ერთი კაცის ყურმოჭრილი მონა. თქვენი პრიორიტეტები ძალიან კარგად ჩანს – თქვენთვის ერთი კაცის მსახურებაა მთავარი. ამით კარგად ჩანს, რა როლს აკისრებს უმრავლესობა საკუთარ თავს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტი, ქართველი ხალხის მიერ თქვენთვის მოცემული ნდობის მანდატი – თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ ფხას – გაქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობა, იმოქმედოთ არა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მანდატში, არამედ ქართველი ხალხის სახელით”, – მიმართა ბობოხიძემ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები