დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აკრიტიკებს

დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა. მისი თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთიანობის, სუვერენიტეტის სიმბოლო, რაც ასე არ არის.
„მას შესაძლებლობა ეძლევა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ითამაშოს შემწყნარებელი, გამაერთიანებელი როლი და გახდეს სასამართლოს ერთიანობის, უწყვეტობის, სუვერენიტეტის სიმბოლო. სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს არ თუ ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველია. სამწუხაროდ, თქვენ ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო ასპარეზზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს ნაცვლად, ნელ-ნელა თქვენ იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად და დღესაც ალბათ, ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციას შორის დიდ მსგავსებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
​სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტი საკუთარ მორალურ ავტორიტეტს თვითონვე აზიანებს.
„თქვენ სახელმწიფო მოღვაწეობიდან გადახვედით პოლიტიკურ არენაზე. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო მეტ ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით. დღევანდელ სიტყვაში არაფერი გითქვამთ ჩვენი თანამემამულეების ბედზე, რომლებიც უცხოეთში არიან და თქვენ ვერ თქვით ახალი სიტყვა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები