ეკა ბესელია პრეზიდენტის გამოსვლაზე – ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა.
დეპუტატმა პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც იგი საზოგადოების ხმაზე საუბრობდა, გამოსვლის სამწუხარო დასაწყისი უწოდა.
„ხალხია ის ნაწილი, ვინც გვესაუბრებოდა და იყო ჩართული, მათ შორის, იმ საერთო სახალხო განხილვებში, როდესაც კონსტიტუციურ ცვლილებებს ვაცნობდით მათ. არ შეიძლება კრებითად ვუწოდოთ საზოგადოების იმ ნაწილს, ყველას აზრის წარმომდგენი, ვისაც ხვდება პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ იმ დანარჩენ საზოგადოებასაც, რომელსაც განსხვავებული ხედვა აქვს.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი აქცენტები. სამწუხაროდ, პრეზიდენტს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა ან უბრალოდ, არ ისაუბრა ამაზე, მათ შორის სისტემურ რეფორმებზე, იმ ინდექსებზე, რომლითაც საქართველო, როგორც რეგიონი, არის ლიდერი ქვეყანა. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის არის საუკეთესო მაჩვენებლით და ყველა ინდექსით – კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სისიხლის სამართლის ლიბერალიზაცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს აქვს ყველა ინდექსით დადებითი მაჩვენებელი ბოლო წლებში და განსაკუთრებით ისეთ მწვავე სფეროებში, რომელიც ყველაზე მძიმედ მიიჩნეოდა.
ძალიან დამაფიქრა იმან, რომ პრეზიდენტი მოგვიწოდებს დიალოგისკენ და ამბობს, რომ ჩვენ ვართ ჩაკეტილი უმრავლესობა, რაც არის ძალიან არაობიექტური განცხადება. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ყველას, მათ შორის, მის წარმომადგენლებს. როგორც მთავარსარდალმა, მხოლოდ ორიოდე სიტყვა თქვა ეროვნული უსაფრთხოების თემაზე. მისი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისი განსაკუთრებით, რომ ნახოთ, ეს არის ბრალდებების ფორმა. სამწუხარო დასაწყისი იყო გამოსვლის“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები