ნიკა გვარამია: არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ძმებ ყარამანიშვილების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც გვარამია აცხადებს, მისთვის და „რუსთავი 2“ -ის თანამშრომლებისთვის გაუგებარია რა განზრახვით დაიწყეს ყარამანიშვილებმა მათთვის შეთავაზებების გაკეთება.
„ქრონოლოგია იყო ასეთი:
1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2-ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)
2. ვუპასუხეთ უარით და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში
3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%
4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა – შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)
5. პასუხად მივიღეთ – ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო (“ცუდად გაშუქება” არ შეესაბამება სინამდვილეს)
ძვირფასო დამფუძნებლებო:
მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში. ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია – წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა, რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა, ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვილთან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღეებში, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?
ps გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ყველაფერს ბოლო სამი წელია და ყველაფერზე რომ შეკითხვები გვიჩნდება, იმედია არავის უკვირს“, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ხვალიდან „რუსთავი 2“ -ის კოლექტივთან შეხვედრებს იწყებენ.
ყარამანიშვილების თქმით, ძალაში რჩება მათი შეთავაზება რუსთავი 2-ის აქციათა 51%-ის წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს აქციების საკონტროლო პაკეტი (51%) თანამშრომლებს გადაეცეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები