დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
მათი შეფასებით, „რუსთავი 2“ -ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა.
დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ ამის უტყუარი საბუთი არის სწორედ ის, რომ უკვე 5 წელია პროკურატურა იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლების ლეგიტიმურ მოთხოვნას საქმის გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შესახებ. ასევე ამას ადასტურებს დამფუძნებლების სრული იგნორირება მმართველი ძალის პოლიტიკოსების მიერ.
„პირველ რიგში, გრძელდება ნაძარცვის გადანაწილება. ეს თავისთავად არ არის ახალი ფაქტი: მას შემდეგ, რაც 2004-ში “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ „რუსთავი 2“ უკანონოდ ჩამოართვა მის დამფუძნებლებს და ამით ფეხქვეშ გათელა თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიისა და კერძო საკუთრების უფლებები, არ შეწყვეტილა მცდელობა, რომ, რაც შეიძლება, მეტად დაეშორებინათ „რუსთავი 2“ მისი დამფუძნებლებისგან და ამით მაქსიმალურად გაერთულებინათ კანონიერი მფლობელებისთვის წართმეული „რუსთავი 2“ -ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. დღემდე ეს ხდებოდა შედარებით “მარტივი” მეთოდით, ანუ ხელიდან ხელში უკანონო გადაფორმებათა სერიებით.
2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ – „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებმა შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში საქმის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღიძრა და უამრავი მოწმე დაიკითხა, პროკურატურა უკვე 5 წელია დუმს. ის არ გვაძლევს არანაირ დასკვნას იმის შესახებ, ჩაიდინეს თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირებმა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ დანაშაული 2004 წელს.
ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ საქმის არნახული აქტუალობის ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან 5-წლიანი დუმილი იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დაინტერესებულია პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებით ან სრულიად შეწყვეტით. ამ ეჭვებს ამყარებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებზეც ქვევით მოგახსენებთ. ბოლო პერიოდში ამ პროცესმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. თუკი აქამდე საქმეს, ასე ვთქვათ, ორი ძირითადი პოლუსი ჰქონდა, ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი კანონიერი მფლობელებისა და მეორე მხრივ, მათი მძარცველი “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ახლა სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ.
პირველ რიგში, სასამართლოში „რუსთავი2“-ზე პრეტენზია განაცხადა შუალედურმა დროებითმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა. ჩვენ სრულიად არ გამოვრიცხავთ, რომ იგი მართლაც წარმოადგენდეს “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის მიერ უკანონოდ დროებით გამოყენებულ და შემდეგ ასევე უკანონოდ დაზარალებულ მხარეს. ამ მხრივ ჩვენ აბსოლუტურად თანავუგრძნობთ მას, ისევე, როგორც რეჟიმის სხვა უამრავ მსხვერპლს. მაგრამ ამავე დროს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამართლიანობის აღდგენა „რუსთავი2“-ის საქმეში შეუძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ შუალედური მფლობელის ინტერესების აღდგენით, მაშინ, როდესაც დანაშაულის პირველი მსხვერპლი სრულიად იგნორირებულია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველების მიერ.
მეორე გარემოება, რომელმაც მოქმედი გმირების გამრავლება გამოიწვია, არის პროცესები “ნაცმოძრაობის” შიგნით, რამაც ამ მოძრაობის, მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა გამოიწვია. სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არაფორმალურია ეს გაყოფა, თუმცაღა ის ოფიციალურად გაფორმებულია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა „რუსთავი-2“-ის ამ ორი ძალის მიერ გაყოფის საკითხი.
და ბოლოს, „რუსთავი-2“-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა. ამის უტყუარი საბუთი არის სწორედ ის, რომ უკვე 5 წელია პროკურატურა იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლების ლეგიტიმურ მოთხოვნას საქმის გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შესახებ. ასევე ამას ადასტურებს დამფუძნებლების სრული იგნორირება მმართველი ძალის პოლიტიკოსების მიერ.
რაც შეეხება უახლეს მოვლენებს. ამ მოვლენებში ქიბარ ხალვაშის როლი, რომელიც საქმის გადაწყვეტას სტრასბურგის სასამართლოში ელის, აქტიურად არ იკვეთება. შესაბამისად, მას არ შევეხებით. ეს მოვლენები ძირითადად სამ მოქმედ პირს (ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნების მთავრობა) შორის მიმდინარეობს. იმისათვის, რომ მოვლენების არსს ჩავწვდეთ, ჯერ უნდა გამოვკვეთოთ, რა სურს თითოეულ მხარეს „რუსთავი2“-თან მიმრთებით. ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის.
რა სურს მთავრობას? მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, “ოცნებას” ესმის, რომ ამ სიტუაციაში „რუსთავი2“-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან “ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა.
საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა!
„რუსთავი2“-ის ფსევდოოპოზიციურ ტელევიზიად არსებობა მთავრობასაც ხელს აძლევს და ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთასაც: ოპოზიციური ტელევიზია, განსაკუთრებით, თუკი ის არაობიექტურია, ერთი მხრივ, გამაღიზიანებელია ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის და მეორე მხრივ, მას ყოველთვის შეგიძლია დააბრალო, რომ ის მიკერძოებულია. სამივე მხარეს კარგად ესმის, რომ ტელევიზიას მხოლოდ მაშინ აქვს შანსი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თუკი ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება. სამივე მხარე მაქსიმალურად შეეცდება, ეს არ დაუშვას.
სწორედ ამ მიუკერძოებელი ტელევიზიის შიშით აიხსნება ის, რომ სამივე მხარე სრულ იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლებს. ამას გარდა, აშკარაა ფარული მცდელობა – საზოგადოებას შეუქმნან აზრი, თითქოს დამფუძნებლები ერთ ან მეორე მხარესთან არიან აფილირებული.
ამ ყველაფრის ფონზე რასთან გვაქვს დღეს საქმე? აშკარაა, რომ სამიდან, მინიმუმ, ორი მხარე, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება “ქართული ოცნება”, ერთმანეთს გაურიგდა ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ „რუსთავი2“-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გაჟღერებული მისთვის შეთავაზებული 10 მილიონიდან გამომდინარე. ამ გარიგებაში ყველაზე ცინიკური მოჩვენებითი დემოკრატიულობის ფასადის შექმნის მცდელობაა.
მართლაცდა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად გამოიყურება შეთავაზება, რომ წილები თანამშრომლებზე გადანაწილდეს. ამ სვლას, სავარაუდოდ, დაერთვება გარეშე მარეგულირებელი “მიუკერძოებელი” საბჭოს, ან ბორდის შექმნა, რაც შექმნის სრული დემოკრატიულობის ფასადს. სინამდვილეში გასაგებია, რომ შეუძლებელია ნაქურდალის გადანაწილებით რაიმე დემოკრატიულის მიღება, ისევე, როგორც, მაგალითად, ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების “ყველასთვის” დარიგებას არ მოუტანია არც სამართლიანობა და არც დემოკრატია.
ამ უკანონოდ ჩამორთმეული წილების მორიგი გადანაწილებით მივიღებთ შემდეგს. ტელევიზიას გააკონტროლებენ მხოლოდ თამაშის წესების მიმართ ლოიალური ადამიანები. ასევე დაკომპლექტდება ბორდი ლოიალური ფსევდოოპოზიციური “ინტელექტუალებით”, ვინაიდან შეუძლებელია საღად მოაზროვნე პატიოსანმა ადამიანმა აიღოს ნაქურდალიდან წილი, ან მონაწილობა მიიღოს ნაქურდალი ტელევიზიისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნაში. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი მორალური დანაშაულია, ვიდრე თვით ქურდობის ფაქტი.
ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ არც ერთი პატიოსანი ადამიანი არ შეუერთდება ამ ამორალურ გარიგებას და არ აუბნევს თავგზას ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც დღეს ფაქტობრივად წართმეული აქვს ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლება.
დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლებზე წილების გადანაწილების იდეა ჩვენ ჯერ კიდევ 2004-ში გვქონდა გაჟღერებული, რამაც საბოლოო ჯამში მხოლოდ დააჩქარა ჩვენთვის ტელევიზიის წართმევის პროცესი. იმდროინდელი მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა კოლექტიურად მართვადი დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა. პრობლემაა ისაა, რომ ის, რაც დღეს კეთდება, არის უკანონო და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპებს.
ყოველგვარი ლაპარაკი სამართლიანობასა და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დარჩება სიყალბედ, სანამ „რუსთავი2“ მის დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება“, – აღნიშნულია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები