გიორგი მარგველაშვილი: ერთმანეთის გაძლიერებით გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქართველოსა და ძლიერი ეკლესიის შენება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძველესი ისტორია თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენი ეკლესიის ისტორიაზე.
„რეალურად ჩვენმა თვითმყოფადობამ მაშინ შეიძინა განსაკუთრებული ელფერი, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა. ჩვენი მართლმადიდებლური მრწამსი და სახლემწიფოებრიობა საუკუნეების განმავლობაში იყო საშინელი დარტყმების წინაშე, მაგრამ ყოველთვის ჩვენს იდენტობას ინარჩუნებდა. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებით უსვამს ხაზს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღდგენის წინაპირობაა. რაოდენ მძიმე უნდა ყოფილიყო ჩვენი წინაპრებისთვის ავტოკეფალიის გაუქმების პირობებში, ამ დანაკარგით ცხოვრება და როგორი აღმაფრთოვანებელი იყო, ასი წლის წინ, როდესაც ჩვენ აღვიდგინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ცნობიერებისათვის მთავარი რამ.
თქვენო უწმინდესობავ, მე მახსოვს რამდენად რთული გზა გაიარეთ თქვენ პირადად იმისთვის, რომ ეს მიღწევა სხვა ქვეყნებსაც ეღიარებინათ. სწორედ ესეც აღინიშნა 1990-წელს, როდესაც უკვე მსოფლიოს კონფესიებმა აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ ხელმღძღვანელობდით ჩვენს ეკლესიას, წმინდა სინოდს, ჩვენ მამებს და დედებს, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის. თითოეულ ქართველს განურჩევლად აღმსარებლობისა მივულოცავ ამ დღეს და გისურვებთ ასევე ერთად, ერთმანეთის გაძლიერებით გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქართველოსა და ძლიერი ეკლესიის შენება”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები