გიორგი მარგველაშვილი: პარლამენტი მიყვარს, რადგან ცოცხალი დისკუსიაა იქ, მაგრამ ზოგჯერ სიცოცხლე ზედმეტად ჩქეფს

“არ ყოფილა ვეტო, რომელიც დაძლეულა და მერე უკან არ დაბრუნებულა ამა თუ იმ ფორმით”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, პარტიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა მის მიერ გამოყენებული ვეტოების შესახებ ისაუბრა.
”არ ყოფილა ვეტო, რომელიც დაძლეულა და მერე უკან არ დაბრუნებულა ამა თუ იმ ფორმით. პირველი ვეტო გამოვიყენე „მოსმენების კანონთან“ მიმართებაში. ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი გააჩერა და მეტიც, ის ფორმულირება, რაც მე მქონდა, რომ ე.წ. მოსმენების ორი გასაღები უნდა არსებობდეს და ერთი უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, ზუსტად ეს ფორმულირება ჩაიწერა კანონში, რაც ბუნებრივია, ჩემთვის მისაღებია, მაგრამ მაშინ დაძლიეს ეს ვეტო და იყო დიდი ზარ-ზეიმი. მეორე ვეტო შეეხებოდა საბანკო ზედამხედველობას, ეს ვეტოც დაიძლია, მაშინვე გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. დღეს შემოიტანეს ზუსტად ის, რაც ჩვენს ვეტოში გვეწერა, ლამაზი ხელით გადაიწერეს კანონად და გუშინ მოვაწერე იმას ხელი. მესამე ვეტო, რომელიც ეხებოდა საერთო სასამართლოებს, ისიც დაიძლია, როგორც მავნე ტენდენცია და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. ახლა ვეტო ეხება პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, მის აღსრულებას, რომ საგამოძიებო უწყებაში არ იყოს მოსმენების სამსახური”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, თავისი ხედვის შესახებ ისაუბრა.
”მე ვამბობდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს, ძალიან მარტივი გადაწყვეტა მქონდა. ეს შევთავაზე პატივცემულ დეპუტატებს, მათ არ დაიშურეს ქართული სიტყვა ხატოვანი, სიტყვაკაზმული გამოთქმები, დამდეს ბრალი, თითქოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას ვასუსტებდი და ტერორიზმს ვუწყობდი ხელს. ლოგიკა რაში იყო, არ მესმის. პარლამენტი მიყვარს, რადგან ცოცხალი დისკუსიაა და ცოცხალი ლექსიკა იქ, მაგრამ ზოგჯერ სიცოცხლე ზედმეტად ჩქეფს ხოლმე. ამ პათოსით დაიძლია ეს ვეტოც. ჩემი აზრით, ამ ვეტოსაც თავისი ბედი ექნება, რადგან პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეხებოდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები