გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე: საზოგადოებას ეს უფლება უნდა შეუნარჩუნდეს – “რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ”

“საზოგადოებას პრეზიდენტის არჩევის უფლება უნდა შეუნარჩუნდეს”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე საქართველოს მოსახლეობა აკეთებს არჩევანს, როგორ სურს ცხოვრება და ამ არჩევანის განხორციელების ძალაც გააჩნია.
“ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლება და მეორე, როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, უნდა ამიხსნა, რით იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი. ძალიან ბევრი განცხადებები მომისმენია, რომ ხალხს ნუ დავღლით არჩევნებზე წასვლითო, არ გვინდაო, ისხდნენ სახლში წყნარად ტელევიზორებთანო. არ გვინდა ეს ყველაფერი, ნუ ვაწვალებთ არჩევნებზე წასვლითო. ახლა ეს არგუმენტები კომიკურია, ჩემი აზრით. ამ მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა სტუდენტის შეკითხვის პასუხად.
მისი განცხადებით, როგორც მაღალი პოლიტიკური მანდატით აღჭურვილ პოლიტიკურ ფიგურას, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ამ მაღალი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, ითამაშოს დამაბალანსებლის როლი ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში.
“მაღალი პოლიტიკური მანდატი პრეზიდენტს აძლევს დამაბალანსებელ ფუნქციას, უფლებას, განაცხადოს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა. თუ პრეზიდენტს სამასი თუ ოთხასი კაცი აირჩევს, ესეთი მაღალი წონა არ ექნება ამ პრეზიდენტის პოზიციას და ფაქტობრივად, პრეზიდენტი გაქრება ძალთა ბალანსიდან საერთოდ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფო სისტემაში ხელისუფლების ყველა ნაწილი – აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო უნდა იყოს დაბალანსებული ერთმანეთთან მიმართებაში.
“თუ ჩვენ ამ სისტემიდან გავაქრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ ბევრი საკითხი ბალანსიდან ამოგვივარდება და ეს არის რეალური პრობლემა. ხალხს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, პირდაპირი პოლიტიკური პოზიცია დაუფიქსიროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება ამა თუ იმ შტოს მიერ ძალაუფლების მეტი კონცენტრაცია. თქვენ ყველას გაქვთ უფლება და ვალდებულებაც, რომ თქვენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროთ, აუცილებლად არჩევნებზე წახვიდეთ და თქვენი აზრი გამოთქვათ და როდესაც კონსტიტუციონალისტები ამ უფლებას გვართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან, რით გახდება ჩვენი ცხოვრება უკეთესი, გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებზე დავჯდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი არჩევითი თანამდებობებია საჭირო, არამარტო პრეზიდენტის. რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ახლოს არის ხელისუფლება ხალხთან., მით უფრო ვალდებულად თვლის თავის თავს, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
​საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში, ჩასვლას და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიებს ყველა რეგიონში გეგმავს. პრეზიდენტის აღნიშნული კამპანია ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფას გულისხმობს. გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა თვითმმართველობის გაძლიერების, უმაღლესი განათლების შესაძლებლობის გაზრდის, სახელმწიფო მოწყობის მოდელების, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისა და საქართველოს მოქალაქეების ელემენტარული მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები