ვახტანგ ძაბირაძე: ბლოკების სტატუსების გაუქმება არ შეუწყობს ხელს პარტიების გამსხვილებას

“თუ ბარიერი დაიწევს 2-3%-მდე, მაშინ აზრი ექნება ბლოკების გაუქმებას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
​ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ბლოკების გაუქმება ხელს ვერ შეუწყობს პატარა პარტიების გაქრობას. საკონსტიტუციო კომისიის წევრი თვლის, რომ იდეა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ძაბირაძე ბლოკების გაუქმების იდეას იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ ბარიერი 2-3%-მდე დაიწევს.
„ბლოკების გაუქმებამ არ ვიცი, სხვა ქვეყნებში, როგორ იმუშავა, მაგრამ ეს იდეა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ბლოკების გაუქმება ხელს ვერ შეუწყობს მსხვილი პარტიების გაჩენას, ბლოკების გაუქმებას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ ბარიერი 2-3%-მდე დაიწევს, ეს კი, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არ უნდა ხელისუფლებას“, -განაცხადა ძაბირაძემ.
ვახტანგ ძაბირაძემ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს პროპორციულ არჩევნებს, თუ გადაუნაწილებელი მანდატები დარჩება პირველ ადგილზე გასულ გუნდს.
„უმრავლესობა ევროპული ქვეყნების მოდელს იშველიებს და აღნიშნავს, რომ პროპორციულ სისტემას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი გადაუნაწილებელი მანდატები დარჩება არჩევნებში გამარჯვებულს, მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან დარჩენილი მანდატები ვთვლი, რომ უნდა გადანაწილდეს იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვინც ბარიერს გადალახავს. არ უნდა არსებობდეს ჩვენთან ეს სენი, რომ უჭირდეთ ხელისუფლების დათმობა ადამიანებს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები