მიხეილ ჯანელიძემ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მოიწვია

ვაშინგტონში, გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, კრისტინა ფრილანდს შეხვდა. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კანადის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას და მათ კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კანადას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის, აღინიშნა კანადის განსაკუთრებული მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და კოლეგა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
მინისტრები მიესალმნენ კანადაში 2016 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს, რაც კარგი პლატფორმაა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.
ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს მორიგ შეხვედრას თბილისში. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი დინამიკა. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და კანადა 2016 წელს გახლდათ საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საინვესტიციო გარემოთი კანადის ბიზნეს წრეების დაინტერესების მნიშვნელობას, მინისტრები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე.
აღინიშნა კანადის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში, მათ შორის, მისი კონტრიბუცია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში და საქართველოს დახმარება შეიარაღებული ძალების რეფორმირების და განვითარების მიმართულებით.
საუბარი შეეხო საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. ამ მხრივ, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს 2017 წელს საქართველოს, ხოლო 2016 წელს კანადის საკანონმდებლო ორგანოში კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები