რა საკითხებზე იმსჯელეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების გეგმები.
პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი შეეხო ასევე ბრიუსელში დაგეგმილ NATO -ს სამიტს და სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელ ნაბიჯებს.
„თქვენ იცით, რომ ბრიუსელის სამიტზე მარტო NATO -ს წევრი ქვეყნები არიან მოწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას – კოორდინირებულად იმოქმედონ თავდაცვამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები