დეპუტატის აზრით სასჯელაღსრულების სისტემაში შეუქცევადი პროგრესი მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენთვის არის ძალიან პოზიტიური და საპარლამენტო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი დღეს პირადად მობრძანდა და წარმოგვიდგინა ის ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში უნდა შევიდეს სასჯელაღსრულების სისტემაში სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა, ასევე მთელ გუნდს, ვინც იმუშავა კანონმდებლობის ამ ცვლილებების შემუშავებაზე. აქ იყო საუბარი, ქალბატონმა ირმამ ძალიან ცხადად აღწერა ის სურათი, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ვინ თუ არა მეც, ძალიან კარგად ვიცი იმ ტრაგიკული ვითარების შესახებ, რომელიც, ჩვენ გადმოვიბარეთ 2012 წელს. რა თქმა უნდა, აღარ წაგართმევთ დროს კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები და პენიტენციური სისტემა, პრაქტიკულად, წარმოადგენდა ჩრდილოვან შავ-ბნელ მხარეს იმ ფასადური დემოკრატიის, რომელიც, ჩვენ გვქონდა ქვეყანაში და რომლის საშუალებითაც, ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას, მაგრამ, სწორად აღნიშნავენ ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპელი ექსპერტები, რომ სასჯელაღსრულების სისტემა არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი. მაგრამ, მე დღეს მინდა, სულ სხვა მიმართულებით წავიყვანო ჩემი გამოსვლა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევხედოთ განსხვავებას და განსხვავება არის თვალსაჩინო. მაშინ, როდესაც 6 წლის წინ ყველა საუბრობდა სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ სასჯელაღსრულების სისტემაში, დღეს ფაქტია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია ტიპის დაწესებულებების შექმნაზე, სადაც განათლება, დასაქმება და შაბათ-კვირა სახლში წასვლაც კი არის შესაძლებელი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ შინაპატიმრობის სერვისზე, ელექტრონულ მონიტორინგზე, ელექტრონულ წიგნებზეც კი ვმსჯელობთ. აი ეს არის განსხვავება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ხუთი წლის განმავლობაში შექმნა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა, სხვა მინისტრებთან ერთად, სერიოზული სამუშაო გასწიეს ამ ხუთი წლის განმავლობაში.
“მე მინდა, მოკლედ ჩამოვთვალო ის სამუშაო, რომელიც ბატონმა კახიშვილმა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ და მინისტრებმა გასწიეს ამ ხუთი წლის განმავლობაში. პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, გადატვირთულობის საკითხის მოგვარება. დავეთანხმები ბატონ გიას, საქართველო, ნამდვილად, კონტინენტზე მეორე ადგილს იკავებდა პატიმართა რაოდენობით. ყოველ ასიათას მოსახლეზე და მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა პატიმართა რაოდენობით. რა თქმა უნდა, ეს გადატვირთულობა არ არის ცალკე აღებული პრობლემა. ეს იწვევდა პრობლემებს კვების ორგანიზებაში. ეს იწვევდა პრობლემებს საცხოვრებელ პირობებთან მიმართებაში და აქ სწორად აღინიშნა, რომ პატიმრებისთვის ძილიც კი რიგით იყო რეგულირებული და ადამიანებს საწოლების კიდეზე ქამრით უწევდათ ჩამოკიდება, რომ ღამე დაეძინათ. ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი და მისაღები ამბავი სულ რაღაც უახლეს წარსულში. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააუქმა ის დაწესებულებები, რომლებიც წლების განმავლობაში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშებში იყო კრიტიკის ობიექტი, გაუმჯობესებაზეც კი არ ლაპარაკობდა კომიტეტი, პირდაპირი რეკომენდაციები იყო ამ დაწესებულების დახურვაზე და ეს დაწესებულებები არ იხურებოდა. ვისაც ახსოვს ორთაჭალის დაწესებულება, ვისაც ახსოვს ზუგდიდის დაწესებულება და მით უმეტეს, იმ უფლებადამცველებს, ვინც ნამყოფია ამ დაწესებულებებში კარგად ემახსოვერებათ თუ რა ვითარება იყო და როგორ პირობებში უწევდათ იქ ადამიანებს სასჯელის მოხდა. ამის გარდა, რა თქმა უნდა, აშენდა ახალი დაწესებულებები. მათ შორის რუსთავის დაწესებულება, რომელიც, დღეს, პრაქტიკულად, სავიზიტო ბარათია. ასევე, ბათუმის დაწესებულება და არა ერთი დაწესებულება, სადაც, კაპიტალური განახლება ჩატარდა. რაც მთავარია, გაუქმდა, დაინგრა ძველი სასჯელაღსრულების მთავარი სიმბოლო, ე.წ. კარანტინის ვიწრო საკნები, რომელიც, სადამსჯელო მიზნით გამოიყენებოდა და რომელიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში კუბიკის ფორმის საკნებად იყო მოხსენიებული და იყო პირდაპირი მითითებები ყოველ 5 წელიწადში კომიტეტის ანგარიშებში, რომ საქართველოს მთავრობას გაეუქმებინა ეს კუბიკის ფორმის სადამსჯელო საკნები. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში პრაქტიკა გრძელდებოდა და ის სკანდალური კადრებიც, რომელიც გასაჯაროვდა იმ კადრებშიც არის ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც ამ საკნებში ჩაკეტილი ადამიანები და მათდამი მოპყრობა ჩანს. ამის გარდა, განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და სწორედ ბატონი კახიშვილის მინისტრობის პერიოდში დაფიქსირდა სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და წელიწადში, როდესაც 6-8 წლის წინ გარდაცვალების მაჩვენებელი წელიწადში 120-ზე მაღალი იყო, ზოგჯერ 144-საც აღწევდა, ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე, რაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დაფიქსირებულა სასჯელაღსრულების სისტემაში და ეს არის 10-12 გარდაცვალების შემთხვევა წლის განმავლობაში, რაც, პრაქტიკულად, არის ყოველ 10000 პატიმარზე გადაანგარიშებით ევროპული საშუალო მაჩვენებლის ქვევით ფიქსირდება ის მაჩვენებელი, რაც დღეს არის სასჯელაღსრულების სისტემაში ძალიან დიდი მიღწევაა, განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა ათასობით პატიმარმა მიიღო იგივე სამედიცინო მომსახურება,რასაც, ჩვენი მოქალაქეები იღებენ სამოქალაქო კლინიკებში, გაიხსნა ორი ახალი ჰოსპიტალი, რომელიც, სამოქალაქო სტანდარტებით არის ლიცენზირებული, მთლიანად განახლდა ამბულატორიების სისტემა დაიწყო ც ჰეპატიტის პროგრამა, რაც მთავარია, სასჯელაღსრულების სისტემის მთავარი მკვლელი ტუბერკულოზი იქნა დამარცხებული, წელიწადში ათასორასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში და პრაქტიკულად, სასჯელაღსრულების წამოსული ტუბერკულოზი, საფრთხეს უქმნიდა მთელ საზოგადოებას, იმიტომ, რომ იცით თქვენ, ეს არ არის დაავადება, რომელსაც გისოსები აჩერებს, პატიმართა გადინება-შედინება, რა თქმა უნდა, ამ ტუბერკულოზის გავრცელებას ამ მთელ საზოგადოებაში იწოვდა და დღეს როდესაც ასის ფარგლებშია ახალი შემთხვევების რაოდენობა, იყო 70 შემთხვევაც, ერთ წელს იყო 67  შემთხვევაც, ასის ფარგლებშია, პრინციპში, რაც დღეს არის ძალიან მინიმალური მაჩვენებელი და შეიძლება ითქვას, რომ ტუბერკულოზის კონტროლი არასოდეს ისე ეფექტური არ ყოფილა სასჯელაღსრულების სისტემაში, როგორც დრეს არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი პატიმართა კვების რაციონის საკითხსაც შეეხო.
“მნიშვნელოვანია, რომ მოხდა პატიმართა კვების რაციონის და კვების ორგანიზაციის მთლიანი რეფორმა. საკვებთან დაკავშირებული პრეტენზიები ადრე, თუ გახსენდებათ, დღეს შეიძლება ნახვა ნებისმიერ დაწესებულებაში, როგორ არის კვების პროცესი ორგანიზებული და რამდენად ნორმალურად იკვებებიან ადრინდელთან შედარებით პატიმრები. და ბოლოს, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა, რომ თითქმის 60 პროცენტით არის შემცირებული ევროსასამართლოში პატიმართა უფლებების დარღვევაზე კომინიცირებული საჩივრების რაოდენობა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში 60-ჯერ 60%-ით ნაკლები ადამიანი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, უჩივის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი დღეს პენიტენციურ სისტემაში. ამას აუცილებლად უნდა დავუმატოთ მართვის სტილი, რომელიც დღეს არის სამინისტროში. ესაა სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა, ეს არის პასუხისმგებლობის გაზიარება სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს არის კარგი კომუნიკაცია მედიასთან, ეს არის სწორი დამოკიდებულება პატიმრების ოჯახებთან და იმ სოციალურ სერვისებთან, რაზეც ბატონმა კახიშვილმა ისაუბრა. და ბოლოს, მე მინდა, მივესალმო იმ ინიციატივებს, რომელიც უკვე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას, პრაქტიკულად, ევროპის განვითარების პროცესში აყენებს, ევროპის მოწინავე სისტემების გვერდით აყენებს. ეს არის უკვე ალტერნატიული სერვისების შემოტანა, შინაპატიმრობა, რაზეც იყო საუბარი და მივესალმებით ამ ინიციატივას. ეს არის რისკების შეფასება, სერვისების, დაწესებულებების დაკავშირება რისკებთან, რა თქმა უნდა, დანაშაულის ჩადენის რისკი არის უმნიშვნელოვანესი და მისი გაზომვა საკმაოდ რთულია, რადგან დღეს ეს მეთოდოლოგია არის, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ დღეს სისტემა ბევრად წინ არის წასული. ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დაკავშირება რისკებთან, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან პროგრესული მიდგომა, იმიტომ, რომ დანაშაულის ხელახლა ჩადენის საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამ შეღავათის მიცემას რომელიმე პატიმრისათვის. სხვა ინიციატივებიც, ვფიქრობ, არის კარგად მოყვანილი საერთო კონტექსტში და ერთმანეთთან შესაბამისობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი, დროული და ჯეროვანი სამუშაო არის გაწეული ამ რეფორმის მომზადებასთან დაკავშირებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მე მინდა მხარი დავუჭირო რეფორმას და ასევე ვთქვა, ამ შემთხვევაში მთავრობას და სამინისტროს, ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ რეფორმის განხორციელებას, მის პოზიტიურ შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ სისტემაში პრობლემების უმეტესობა მოგვარებულია, უკვე სისტემა მომავალში იხედება, გეგმავს ნაბიჯებს სამომავლოდ, აუცილებელია ჩვენ ყოველთვის აღვნიშნოთ პროგრესი, რომელიც გვაქვს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. ის, რომ დღეს ვმსჯელობთ ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, მაცივარზე და იმაზეც, თუ რა უნდა იყოს მაცივარში საკანში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს საზოგადოებას ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვენ გვაქვს შეუქცევადი პროგრესი და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება”, -განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები