წინა ხელისუფლების პირობებში ქონებაჩამორთმეულ 100-მდე მოქალაქეს 23 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა

წინა ხელისუფლების პირობებში ქონებაჩამორთმეულ 100-მდე მოქალაქეს 23 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, პროკურატურაში მოქმედი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 56 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილ მოქალაქეებს დაუბრუნდათ რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება და კვლავ დაბრუნების პროცესშია, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.
გაზეთი „პრაიმტაიმი“ დეტალურად აქვეყნებს, ვის რა სახის ქონება დაუბრუნდა 2017 წელს : ზაურ ფირცხალაიშვილის საქმე – ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს პროკურატურას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ჰყავდა მოქალაქე ზაურ ფირცხალაიშვილი, რომელსაც კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი. ფირცხალაიშვილის დაკავების შემდეგ, ზემოხსენებული ქონება ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაც პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმროდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქონების დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნითდაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფ, დაკავებულ ზაურ ფირცხალაიშვილს დააწერინეს განცხადება ქონების დათმობის თაობაზე, შინაარსით, რომ მოქალაქე სახელმწიფოსადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად თმობდა ლანჩხუთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და ის გათავისუფლდა დაკავებიდან.
საბოლოოდ, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, ზაურ ფირცხალაიშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა დამატებით ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
​კობა ძლიერიშვილის საქმე – 2008 წლის სექტემბერში მოქალაქე კობა ძლიერიშვილი დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში. ადგილზე მისვლისას, კუდ-ის რამდენიმე თანამშრომელი მისგან კატეგორიულად მოითხოვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათმობას, მიზეზად კი უთითებდნენ იმას, რომ კობა ძლიერიშვილი იყო იმჟამად ძებნაში მყოფი და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენის, გოჩა ძასოხოვის ნათესავი. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ ოჯახისთვის პრობლემების შექმნით.
კუდ-ის თანამშრომლების მუქარის შედეგად, რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ, კობა ძლიერიშვილმა ჩუქების გზით, დათმო საკუთრების უფლება კუთვნილ ბინაზე.
გიორგი ბიჭაშვილის საქმე – 2004 წლიდან მოყოლებული, მოქალაქე გ. ბიჭაშვილი წარმოადგენდა ონის რაიონში მდებარე 7500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონიერ მესაკუთრეს. 2007 წელს ხსენებული ტერიტორია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაც აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის მამა – გიორგი ბიჭაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს გუბერნიის თანამშრომლებმა, რომლებიც ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემას მოითხოვდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი საქმეში პროკურატურის ჩართვით და დაკავებით ემუქრებოდნენ.
განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ბიჭაშვილები ყველანაირად ცდილობდნენ ქონების შენარჩუნებას და პროცესის გაჭიანურებას. აქედან გამომდინარე, პროცესის დაჩქარების მიზნით, გიორგი ბიჭაშვილი გუბერნიის თანამშრომლებმა დაიბარეს თბილისში, პეკინის ქუჩა N5-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც მას დაახვედრეს მინდობილობა, თითქოს ქონების მესაკუთრე მამამისს – გ. ბიჭაშვილს ნებას რთავდა, განეკარგა და გაესხვისებინა საკუთრება. სინამდვილეში, მინდობილობაში მოცემული შინაარსი არ გამოხატავდა მესაკუთრის ნამდვილ ნებას და ის იყო გაყალბებული.
გუბერნიის თანამშრომლების მოთხოვნით, გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე, გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შოვში მდებარე 7500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. ნიკა კვეზერელის საქმე 2010 წლის 7 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა (კუდ-ი) ბიზნესმენი ნიკოლოზ კვეზერელი დააკავა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით, ნიკა კვეზერელი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა კვეზერელს საპატიმრო დაწესებულებაში შეუთვალა და გადასცა კატეგორიული მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მისჯილი წლების ჩამოკლება, ამისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეთმო დაბა გუდაურში მდებარე 28 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კვეზერელმა ხსენებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, ციხეში შედგენილი მინდობილობის საფუძველზე გადასცა სახელმწიფოს, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ნაცვლად 11 წლისა, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პარლამენტის ​2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, ნიკოლოზ კვეზერელი აღიარებულ იქნა პოლიტპატიმრად და განთავისუფლდა საპატიმროდან. მიმდინარე წლის იანვარში კი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ნიკა კვეზერელს აღნიშნული ქონება უკან დაუბრუნდა.
​ლატარია-გოგიბერიძის საქმე – 2006 სექტემბერში, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოქალაქეებს შახი ლატარიასა და ვახტანგ გოგიბერიძეს საკუთრებაში გადაეცათ წალენჯიხაში მდებარე მიწის ნაკვეთები. კერძოდ, შახი ლატარიას – 10 ჰა, ხოლო ვახტანგ გოგიბერიძეს – 5 ჰა მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით, ხსენებული ქონება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა, რა მიზნითაც წალენჯიხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გია მებონიამ გამგეობაში დაიბარა ორივე მესაკუთრე, რომელთაც კატეგორიულად მოსთხოვა მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ მიწის ნაკვეთებს მაინც წაართმევდნენ და შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცათ, რასთან დაკავშირებითაც საქმის კურსში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა.
​განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, დაზარალებულმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს სახელზე უსასყიდლოდ გადააფორმეს მათ საკუთრებაში არსებული, სოფელ წალენჯიხაში მდებარე მიწის ნაკვეთები. 2017 წლის იანვარში კი პროკურატურამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, აღნიშნული ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების შუამდგომლობით.
​გურამ ჩიქოვანის საქმე – 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების გზით, შეიძინა სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ახლობლებს – ფრიდონ ქიქავასა და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა. მოგვიანებით, ხსენებული ქონება აჭარის მთავრობის ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამის გამო, ხელვაჩაურის გამგეობამ, ხელოვნურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. თუმცა, სასამართლომ გამგეობის აღნიშნული უკანონო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის გამგეობას დაზარალებულებისთვის ქონების ჩამორთმევის ყველა გზა ამოეწურა, 2010 წლის აგვისტოში, გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამართალდამცავებისგან პრობლემები შეექმნებოდა.
დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთების დათმობის შესახებ მესაკუთრეებს – ფრიდონ ქიქავასა და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ.
აკაკი მოისწრაფიშვილის საქმე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებდა გამოძიებას აკაკი მოისწრაფიშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა -შენახვის ფაქტზე, რისთვისაც მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. 2010 წლის ივლისში შსს-ს ცალკეულმა თანამშრომლებმა ბრალდებულ აკაკი მოისწრაფიშვილის მამას, ჯანგულ მოისწრაფიშვილს მის შვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდვინეს 22 150 აშშ დოლარად ღირებული „ჰიუნდაიტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც, ჩუქების გზით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა აკაკი მოისწრაფიშვილთან საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.
​ანრი გოგიტიძის საქმე – მოქალაქე ანრი გოგიტიძე, 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილებისთვის, რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვის დაწყებისას, ანრი გოგიტიძის ოჯახს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეუთვალეს, რომ თუ ანრი გოგიტიძეს სურდა საპატიმროს დატოვება, მას უნდა გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა – 500 000 ლარი და საგამოძიებო სამსახურისთვის შეეძინა და საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა.
ანრი გოგიტიძის ოჯახი იძულებული გახდა, დათანხმებოდა აღნიშნულ პირობას, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გარდა, 2011 წლის მაისში შეიძინეს ბათუმში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების წესით გადააფორმეს სახელმწიფოს სახელზე, რის შემდეგაც ანრი გოგიტიძემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
ზემოჩამოთვლილი ქონება სახელმწიფომ კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნა. რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. ასე რომ, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, შესაძლოა, მათ დიდ ნაწილთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები