ჭიათურის რაიონში დაიბადა. ხატვის სიყვარული ოჯახიდან დაიწყო. შემდეგ მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის განხრით დაამთავრა. სკოლაში კი 1987 წლიდან მუშაობს. ჭიათურის რაიონის სოფელ სვერის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელია. თან ხატვას ასწავლის ბავშვებს, თან როგორც ხელმწერი, ბევრ კეთილ საქმეთა მოთავეა – მოქარგა ქართული ანაბანი.
ქეთევან დედოფლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით შექმნა მისდამი მიძღვნილი წერილების ხელნაწერები. სამომავლოდ აპირებს „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერას თავის მიერვე გაფორმებული ილუსტრაციებით. – პედაგოგისა და ხელმწერის, ნინო ციცვიძის პერსომა.
– დავიბადე ჭიათურის სოფელ მანდაეთში. ძალიან თბილ და მოსიყვარულე ოჯახში ვიზრდებოდი. 5 დედმამიშვილი ვიყავით, 4 და და 1 ძმა. დედა ღვთისადმი დიდი სიყვარულით გვზრდიდა. ხატვის ნიჭი მამისგან გვერგო. ჩემი ძმაც სამხატვროზე სწავლობდა. წარჩინებული სტუდენტი იყო. მეც მისგან ვსწავლობდი ხატვას. შემდეგ ჩემი ძმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
რა თქმა უნდა, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ჩემი მიზანი იყო სწავლის გაგრძელება სამედიცინო სასწავლებელში. რომ არა ის საშინელი ტრაგედია, რამაც ჩვენს ოჯახს საშინელი დაღი დაასვა და ჩვენი ბედნიერი ბავშვობაც დასრულდა (ჩემი ძმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში დაიღუპა). სწორედ ამან განაპირობა, ფუნჯი ამეღო და ჩემი ძმის განუხორციელებელი ოცნებებისთვის ფრთები შემესხა.
– დიდია მასწავლებლის როლი სახვითი ხელოვნების სწავლებისას…
– პედაგოგიკის ისტორიაში ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა მატერიალისტმა არისტოტელემ გამოთქვა საინტერესო აზრი ხატვის სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მისი აზრით, მოზარდ თაობაზე უნდა ვიმოქმედოთ სამგვარი სახის ხელოვნებით: ფერებისა და სახეების ხმისა და სიტყვის, ჰარმონიისა და რიტმის ხელოვნებით. არისტოტელეს მიერ ჩამოთვლილი ზემოქმედების საშუალებანი მიუთითებენ ახალგაზრდა თაობის ყოველმხრივად განვითარების საჭიროებაზე. ამით, ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი.
1996 წელს 28-ე პედაგოგიურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ვმონაწილეობდი, დავწერე თემა: „როგორ ვასწავლი ნატურიდან ხატვას დაწყებით კლასებში“, რითაც მოვიპოვე გამარჯვება. ჩემი მიზანია, მოსწავლეები „ვამოგზაურო“ მსოფლიოს უძველესი კულტურის ლაბირინთებში და ვაზიარო შეუცნობ და უძველეს დარგს, რასაც ხელოვნება ჰქვია.
– როგორც ხელმწერმა, რომელი ხელნაწერები მოხატეთ?
– ვმონაწილეობდი გენიალური „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერასა და გვერდების მხატვრულად გაფორმებაში, აგრეთვე – ქართული ანბანის 33 ასო-ბგერის მოხატვაში.
2019 წელს ვმონაწილეობდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კალიგრაფია“, სადაც ფინალისტთა შორის საპატიო ადგილი მერგო.
– ქეთევან დედოფლის საიუბილეოდ შექმენით მისდამი მიძღვნილი წერილების ხელნაწერები…
– ჩვენი საყვარელი მწერლის, ქალბატონ მაია ტყემალაძის დავალებით შევქმენი, გავაფორმე და ავკინძე წიგნად ქეთევან დედოფლის საიუბილეოდ მიძღვნილი საკუთარი და მოსწავლეთა მიერ შესრულებული ხელნაწერი წერილები. მასში ჩართულნი იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც დიდი რუდუნებით შესანიშნავად მოქსოვა და გააფორმა ერთი წიგნის ყდა. ფინანსურად დამეხმარა სკოლის დირექტორი ბაგრატ ცუცქირიძე.ხელნაწერები ორ წიგნად ავკინძე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო. მაგრამ ოჯახის თანადგომით და მთელი გულით დაუღალავად ვმუშაობდი, თითქოს ამით ვალს ვიხდიდი ჩვენი უნეტარესი დედოფლის წინაშე.
წიგნზე თითქმის სამ თვეს ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, სამსახური, ოჯახი, სასოფლო საქმიანობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რის გამოც თითქმის ღამის საათებში მიწევდა მუშაობა (ხშირად 2-დან 3 საათამდეც კი).
– „მოქარგული“ (დაწერილი) ქართული ასოები… ანბანი…
– რაც შეეხება „მოქარგულ“ (დაწერილ) ქართულ ასოებს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიებისთვის მსურდა დამეწერა და მხატვრულად გამეფორმებინა ქართული ანბანის ასოები. ჩემი მიზანი იყო, მეტად წარმომეჩინა ქართული დამწერლობის სიდიადე, თითოეულ ასო-ბგერაში ჩამექსოვა ჩემი გულის განცდა, სულის ამოძახილი. – გაქვთ დიდი ოჯახი. როდის მუშაობთ შემოქმედებითად?
– ნამდვილად, დიდი ოჯახი მაქვს (მყავს მეუღლე, სამი შვილი, ოთხი შვილიშვილი) და შემოქმედებით მუშაობისთვის დრო თითქმის არ მრჩება, მაგრამ უფლის წყალობით და ოჯახის წევრების ხელშეწყობით ვახერხებ თუნდაც ღამის საათებში შემოქმედებითი საქმიანობისთვის დროის დათმობას.
ჩემ მიერ შესრულებული ესკიზების მიხედვით არის რელიეფური გამოსახულებები ჩვენს სოფელში მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამივე კარზე.– ხატვის ნიჭი შვილებს და შვილიშვილებსაც დაჰყვათ…
– სამი ვაჟიდან ორი დაოჯახებულია, ოთხი შვილიშვილი. მყავს. სამივე შვილს ხატვის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, თუმცა არცერთი არ დაუფლებია ხატვის პროფესიას. შვილიშვილებიც მართლა გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭით და ხატვის დიდი ინტერესით. ვიმედოვნებ, მომავალში სწორ არჩევანს გააკეთებენ.
– ჰობი…
– ხატვა, ქსოვა, კერვა, ყვავილების მოვლა. კულინარია, სუფრის მხატვრულად გაფორმება.
– სამომავლო გეგმები…
– ვმუშაობ, კვლავ შევქმნა ხელნაწერი წიგნი ქეთევან დედოფლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. რომელიც მხოლოდ ჩემი ხელნაწერი და მხატვრულად გაფორმებული იქნება. მაქვს მოძღვრის კურთხევა და ამჟამად ვწერ წმინდა ნინოს ხატს ტილოზე ზეთის საღებავებით.
სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, გადავწერო „ვეფხისტყაოსანი“ ჩემივე ილუსტრაციებით. ასევე შევქმნა ფერწერული ილუსტრაციები სხვადასხვა ჟანრში.
ვიმედოვნებ, სამომავლო გეგმებს უფლის წყალობით განვახორციელებ.
თამარ შაიშმელაშვილი