მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„მორჩა“ – წერს მუსიკოსის და, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.
მან 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-79 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979-82 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-92 წლებში – გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით; 2000 წლის ფესტივალზე „წლის სიმღერა“ დაჯილდოვდა „ოქროს დისკით“;
2000 წელს სტუდენტურ ფესტივალზე „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ დაჯილდოვდა დიპლომით – „ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“;
ფესტივალი „ლიგა – 1996“ ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერა“;
ფესტივალი „წლის სიმღერა – 2000“, წლის საუკეთესო შემსრულებელი, სიმღერებისათვის: – „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“; „დედისჯერი“;
2001 წელს წლის საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის: – „და…გტოვებ მარტო“;
2002 წელს წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი სიმღერისათვის – „ოცნებების ქარავანი“ და ჟიურის სპეციალური ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“;
დაჯილდოებულია: მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზფესტივალის სპეციალური პრიზით: სიმღერებისათვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“;
2006 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ – სიმღერის ავტორი – სიმღერისათვის „ჩემი თბილისი“;
2014 წელს „შანსონის“ ფესტივალზე – „წლის შანსონიე“.
2014 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის სახელობის ვარსკვლავი;
2018 წელს ფესტივალზე „ოქროს ტალღა“, ნომინაციაში – წლის საუკეთესო სიმღერა – „შენ რომ დიდი იქნები“ (ირმა გიგანს);
მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საპატიო უნივერსიტეტელის ტიტულით“.