“ის ქვეყნები, სადაც ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან ჩართულნი ეკონომიკურ პროცესებში, ეკონომიკურად ძლიერები არიან”

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მერსი ქორფს-საქართველოს” პროგრამის ორგანიზებით, საქართველოში თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერების თემაზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 500-მდე დელეგატი დაესწრო, რომლებმაც თანასწორი შესაძლებლობების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე მოხსენება მოისმინეს და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი მიესალმა და საქართველოს რეგიონების თანასწორი განვითარების მნიშვნელობაზე მოხსენება წაიკითხა. გამოსვლის დასაწყისში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც საქართველოს განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ დელეგატებს მადლობა გადაუხადა. თამარ ჩუგოშვილი „მერსი კორპის” საქმიანობასაც შეეხო და მადლიერებით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მრავალი წელია საქართველოში საინტერესო პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ეხმარება.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ დონორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამა მიმოიხილა და იმ დადებით შედეგებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის შედეგად იქნა მიღებული. მისი მოსაზრებით, პროექტი საქართველოს სამი რეგიონის მოსახლეობას პირველადი საჭიროების დაძლევაში, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მცირე ბიზნესის დაწყებაში დაეხმარა, რასაც საბოლოო ჯამში, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვა.
„ამ პროექტის მიმდინარეობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ქალებსაც და კაცებსაც თანაბარი შესაძლებლობები მისცემოდათ, როგორც ეკონომიკური გაძლიერების, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის კუთხით. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ რომ ქალები ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან ჩართულნი ეკონომიკურ პროცესებში და გადაწყვეტილების მიღების საკითხებში, ის ქვეყნები ეკონომიკურად ყველაზე ძლიერები და წარმატებულები ხდებიან”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მანვე საქართველოს პარლამენტში ქალთა ჩართულობის არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოში არ არის ის განლაგება, რაც სასურველია რომ იყოს. მისი ინფორმაციით, ქალთა მონაწილეობა პროცენტულად ძალიან დაბალია და მთელი შემადგენლობის მხოლოდ 15%-ს წარმოადგენს.

„მიუხედავად პროცენტული მაჩვენებლის სიმცირისა, პარლამენტში საკმაოდ აქტიური ქალები გვყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ და მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ. საკანონმდებლო ორგანოში ორი ვიცე-სპიკერი, ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე, რვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ორი ფრაქციის ლიდერი ასევე არის ქალი. ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩვენი ხმა საკმაოდ კარგად ისმის, ვაკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს და ვცდილობთ, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარების პროცესში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ, ერთი მხრივ, მეტი ქალი ეცდება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და, მეორე მხრივ, თუ საკრებულოებში და თვითმმართველობის ორგანოებში მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. მომხსენებელმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასა და მის სტრუქტურულ შემადგენლობაზე ისაუბრა და იმ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შესრულებსაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გენდერული საბჭო აპირებს.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს მეშვეობით ჩვენ გვინდა, რომ ერთი მხრივ შევქმნათ კანონმდებლობა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქალების და მამაკაცების თანაბარ განვითარებას, ანუ შევქმნათ კანონები, რომლებიც ყველას მისცემს საშუალებას რომ იყოს თანაბრად ჩართული პოლიტიკაში, ბიზნესში, ეკონომიკურ პროექტებში და სოციალურ ცხოვრებაში. ასევე ვგეგმავთ აქტიურ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თუ რა ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ეს თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანო, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ წესები და ჩვენვე შეგვიძლია მოუწოდოთ აღმასრულებელს, რომ სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რათა შედეგები იქნას მიღწეული”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მანვე გენდერული საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს სურვილია მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაციის ქონა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ჩვენი და ადგილობრივი მაცხოვრებლების შეხედულებების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით „სამხრეთ კავკასიის ალიანსების პროგრამის” გუნდის ლიდერმა, ჰელენ ბრედბერმა, ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრის დირექტორმა, ლია ნადარაიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა მიმართეს.
სამ სესიად დაყოფილ კონფერენციაზე დელეგატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განხორციელებულ პროგრამებს, ქალთა ჩართულობის აქტივობებს, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს და თანასწორი განვითარების სამომავლო პერსპექტივებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები