გიორგი მარგველაშვილი: მედიაომბუდსმენის დანიშვნის პროცესში უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების შესახებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინციატივას  ეხმაურება.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. კერძოდ, მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კოორდინაციაში სახალხო დამცველთან.
„დღეს, როდესაც ასე აქტიურად გვიწევს საუბარი მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე, კარგი იქნება დაცვის მყარი მექანიზმის შემუშავება, თუნდაც მედიაომბუდსმენის სახით.
თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი – მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კოორდინაციაში სახალხო დამცველთან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ინიციატივა გაახმაურა.
პრემიერ-მინისტრი წინადადებით გამოვიდა, საქართველოში შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში მასმედიის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი დაკომპლექტებული იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მასმედიის უფლებადამცველებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები