ზაზა პაპუაშვილი: არიან პოლიტიკაში ადამიანები, რომლებსაც უნდათ, იჯირითონ ხალხზე, რომელიც სძულთ

„რუსთავი-2“ არის პარტიული ტელევიზია და პარტიული რუპორი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ერთი პარტიის ინტერესების გატარებას უწოდებს და თვლის, რომ ტელეკომპანია პოლიტიკური სივრციდან უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ირგვლივ წამოწყებულ საქმისწარმოებას, ზაზა პაპაშვილი თვლის, რომ დავა ყოფილ და მოქმედ მფლობელებს შორის მიმდინარეობს. პაპუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს პროფესიული ნორმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„არიან პოლიტიკაში ადამიანები, რომლებსაც უნდათ, იჯირითონ ხალხზე, რომელიც სძულთ. ტელეკომპანია „რუსთავი-2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი, ეს ტელევიზია ემსახურება ერთი ბოროტი კაცის არაჯანსაღ ამბიციას. ეს ტელეკომპანია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური სივრცისგან. როცა ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ დემოკრატიის მხრივ, საგრძნობი წინსვლაა ქვეყანაში, ამ დროს ჩვენ შიგნიდან ვწევთ ამ ქვეყნის წინსვლას უკუქმედებით, ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, აქ ხელისუფლების როლი არაფერ შუაშია, რადგან დავა მიმდინარეობს ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის და არ უნდა დავაკნინოთ სასამართლო. მე ვურჩევ ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს, პროფესიონალიზმზე მაღლა ნურაფერს დააყენებენ, ამ ქვეყანაში არავის არ ეზღუდება სიტყვის თავისუფლება”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები