პუტინმა ის ქალი შეიწყალა, რომელმაც 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ სატანკო კოლონაზე ინფორმაცია მეგობარს გაუგზავნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭის მკვიდრი – ოქსანა სევასტიდი შეიწყალა, რომელმაც 2008 წელს სოჭიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ სატანკო კოლონაზე დაწერა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
ინფორმაციაში წერია, რომ პუტინმა შეწყალების ბრძანებულებას ხელი  „ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე“ მოაწერა. ის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 5 დღის შემდეგ.
ერთი თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 46 წლის სევასტიდის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატის მუხლით. ოქსანა სევასტიდი 2015 წელს დააკავეს.
შეგახსებეთ, რომ ოქსანა სევასტიდის დაპატიმრების მიზეზი  მის მიერ 2008 წელს საქართველოსთან ომის დაწყებამდე, გაგზავნილი რამდენიმე SMS-ი გახდა. სევასტიდი წერდა თავის ნაცნობს საქართველოში, რომ სოჭში შეამჩნია აფხაზეთში მიმავალი მატარებელი, რომელიც დატვირთული იყო სამხედრო ტექნიკით. გამოძიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ადამიანი, რომელსაც სევასტიდიმ სმს გაუგზავნა, ქართულ დაზვერვაზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფოს ღალატის მუხლით.
სევასტიდის ადვოკატი ევგენი სმირნოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ის კლიენტის სრულ გამართლებამდე იბრძოლებს. „ამის ასე დატოვება არ შეიძლება, ეს განაჩენი თავისთავად უკანონოა“ – განაცხადა სმირნოვმა.
რუსეთის უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ შეფასებით, ოქსანა სევასტიდის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები