კახა კალაძე: “რუსთავი 2″-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება არასდროს

ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“რაც შეეხება რუსთავი 2”-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად და ეს არის, რასაც პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, “რუსთავი 2” არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ.
“ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით, და რა? – როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა? როდესმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები? ისმის ძალიან მარტივი კითხვა – თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი, მეც  ვთანამშრომლობდით ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთან, რატომ შეიზღუდება მანცდამაინც ახლა? თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ “რუსთავი 2″-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება  არასდროს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები