სოზარ სუბარი: საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა

 “საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება, ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება განხილული”, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, სებასტიან კურცს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირადად ჰქონდა სოზარ სუბართან შეხვედრა და აღნიშნული საკითხი არ განხილულა.
„ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებების ვერ მოხდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ გვყავს 274 000 საკუთარი დევნილი ქვეყნის შიგნით, რომელთაგან დაახლოებით ორ მესამედს დღემდე არ მიუღია ბინა და ახალ ვალდებულებებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით ვერ აიღებს. ჩვენ ძალიან პატიოსნად, ძალიან წესიერად ვასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნაკისრი გვაქვს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებს. ვასრულებთ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში, მე პირადად მქონდა მასთან შეხვედრა და მსგავსი საკითხი არ განხილულა არც ჩემთან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც პრემიერ-მინისტრთან. ეს არის მისი ინიციატივა, რომელიც წამოაყენა. ინიციატივასაც ვერ დავარქმევ, ეს არის მისი სურვილები.
ოფიციალური ვალდებულება ან შეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
​ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დევნილთა ცენტრის საქართველოში გახსნის თაობაზე განცხადება გააკეთა. სებასტიან კურცი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას, მაგალითად, ეგვიპტეში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები