თამარ ჩუგოშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მასპინძლობას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე წლის მაისში, თბილისში გასამართი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყანაში იშვიათად ტარდება, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს.
„საქართველოს პარლამენტი წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ამას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს მთლიანად ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტისთვის. თითქმის უპრეცედენტოა არაწევრ ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება. ეს იშვიათად ხდება და თავისთავად, ნიშნავს ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენას და მნიშვნელობის მინიჭებას საქართველოსთვის, როგორც ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორისთვის. საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება ძალიან დაგვეხმარება ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში. ამიტომ, ჩვენ ამ ღონისძიებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საქართველოს პარლამენტი, როგორც მასპინძელი მხარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო ასამბლეამ წარმატებულად ჩაიაროს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ​მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი, საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად თანამშრომლობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საორგანიზაციო ჯგუფთან.
„ჩვენ, კიდევ ერთხელ, გვქონდა შესაძლებლობა, რომ საორგანიზაციო ჯგუფთან გაგვეცვალა მოსაზრებები, როგორ შეიძლება პარლამენტმა ეს ღონისძიება კიდევ უფრო წარმატებული გახადოს. ყველა დიდი მოლოდინით და ინტერესით ველოდებით საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლებთან თამარ ჩუგოშვილის შეხვედრას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები