ჯანდაცვის სამინისტრო დავით მაჭარაშვილის ბრალდებაზე: ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის წინაშე

„ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა, უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული, ბუნებრივია, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის, დავით მაჭარაშვილის დაკავებას ეხება.
„სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია, აქტიურად მიმდინარეობს, არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, გატარდა ერთობლივი ღონისძიებები და დაიწყო გამოძიება. ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა, უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული, ბუნებრივია, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ​
​შეგახსენებთ, რომ დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი – დავით მაჭარაშვილი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები