როგორ გადადიოდა „რუსთავი 2“ ხელიდან ხელში? – წილების გადანაწილების მრავალწლიანი ქრონიკა

როგორ გადადიოდა „რუსთავი 2“ ხელიდან ხელში -ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და მკითხველს წილების გადანაწილების მრავალწლიან ქრონიკას სთავაზობს.
როგორც სტატიაში წერია, ტელეკომპანიის წილების ბუნდოვანი გადაფორმებების ქრონიკა „ვარდების რევოლუციიდან“ იღებს სათავეს. 2004-2012 წლებში „რუსთავი 2“-ის მფლობელობა თითქმის 20-ჯერ შეიცვალა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხშირად ეს საეჭვო გარიგებების შედეგად ხდებოდა, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. ჩვენ სწორედ „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ანგარიშზე დაყრდნობით შევეცადეთ, ქრონოლოგიურად აღგვედგინა, როდის და რა ვითარებაში გადადიოდა ხელიდან ხელში ქვეყნის ნომერ პირველი ტელეკომპანია.

ამავე სტატიის თანახმად, „რუსთავი 2“ 1994 წელს დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ეროსი კიწმარიშვილმა ქალაქ რუსთავში დააფუძნეს და მალე ის ნაციონალურ მაუწყებლად აქციეს. 2004 წლის თებერვლამდე დვალი, აქიმიძე და კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ში თანაბრად ინაწილებდნენ 33,3-33,3 პროცენტს, ივნისიდან ტრიომ კომპანიის 10 პროცენტი ჟურნალისტ ნიკა ტაბატაძეს დაუთმო და თითოეულმა აქციების 30% დაიტოვა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, იმ პერიოდში ტელეკომპანია შევარდნაძის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა. 2001 წელს პოპულარული გადაცემის „ღამის კურიერის“ წამყვანი გიორგი სანაია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი სრულად გამოძიებული არ იქნა. იმავე წელს „რუსთავი 2“-ში უშიშროების სამსახური შევიდა, რადგანაც სახელმწიფო ტელევიზიას 1.5 მილიონი ლარის დამალვაში ადანაშაულებდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულ მოვლენებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც მთავრობის გადადგომით დასრულდა.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ოფიციალური შედეგების მიხედვით კი, სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. „რუსთავი 2“-ის მიერ არჩევნების გაშუქებამ საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, რასაც „ვარდების რევოლუცია“ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.
2004 წლის თებერვალში დვალი-აქიმიძის ტანდემსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის ურთიერთობა გამწვავდა. კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის გაკოტრების პროცედურა წამოიწყო, რაც დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ წილების დათმობით დასრულდა. ორივე მათგანი ირწმუნება, რომ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. ამავე პერიოდში ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად დაინიშნა. რამდენიმე თვეში კი „რუსთავი 2“-ის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „რუსთავი 2“-ს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ მოიხსენიებდნენ. დვალი და აქიმიძე კი იხსენებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მათ არხის დათმობას სთხოვდნენ. ყოფილი მფლობელების თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მათ „რუსთავი 2“ არ დათმეს. „რუსთავი 2“-მა Media Development Loan Fund-დან (MDLF) სესხი აიღო, რისთვისაც მფლობელებმა გარანტიად საკუთარი საკუთრება, მათ შორის ინტერნეტპროვაიდერ Georgia Online-ის წილები ჩადეს.
კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის გაკოტრების პროცედურები 2004 წლის 11 ივნისს წამოიწყო, რასაც წინ უსწრებდა ტელეკომპანიის განცხადება 9.2 მილიონი ლარის ოდენობის ვალის არსებობის შესახებ, საიდანაც 4.6 მილიონი ლარი „რუსთავი 2“-ს სახელმწიფო ბიუჯეტისა მართებდა.
გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მდგომარეობა დაიძაბა – მსესხებლებმა ვალების დაბრუნება მოითხოვეს. იმისთვის, რათა პირადი საკუთრება არ დაეკარგათ, რაც მათ სესხის აღებისას გარანტიად ჩადეს, დვალისა და აქიმიძის თქმით, ისინი იძულებულნი გახდნენ, „რუსთავი 2“ დაეთმოთ.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, „რუსთავი 2“-ის მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილება სწორედ ამ მომენტიდან იწყება. 2004 წლის 16 ივნისს, პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნესსაქმიანობაზეც ცნობები არ მოიპოვება, ვალებში მყოფი „რუსთავი 2“-ის 60% შეიძინა (30-30% ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100,000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200,000 აშშ დოლარად მიჰყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“ ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა. საჯარო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ტაბატაძემ წილები ნებაყოფლობით დათმო და სანაცვლოდ 200 ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა იყო. ეროსი კიწმარიშვილმა კი თავისი წილების სანაცვლოდ, 50,000 აშშ დოლარი მიიღო.
ოქტომბერში კიწმარიშვილმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და აღარც„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მისი მეგობრული ურთიერთობა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან დასრულდა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეროსი კიწმარიშვილმა წილის დათმობის სანაცვლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ თანხაზე გაცილებით დიდი სარგებელი მიიღო.
მოკლედ, 2004 წლის ივნისიდან „რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში გახდა. ის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის (2004), შინაგან საქმეთა მინისტრისა (2004) და თავდაცვის მინისტრის (2004-2006) თანამდებობები ეკავა. ხალვაში კი „პროქტერ & გემბლის“ სადისტრიბუციო ქსელსა და „პეპსის“ ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები გაურკვეველ ვითარებაში, ხანძრის შედეგად დაიწვა.
2005 წლის დეკემბერში „საქცემენტმა“ ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამასგან“ „რუსთავი 2“-ის 22% 131,994 ლარად შეიძინა. „საქცემენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა („ნაციონალური მოძრაობა“) და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (2005-2008) გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, „საქცემენტისგან“ ეს წილები ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანიამ „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა. ჯგუფს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ მფლობელობაშია. დავით ბეჟუაშვილი 1999 წლიდან მოყოლებული თავის დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ იგი „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ პარტნიორია, თუმცა ამ კომპანიიდან მიღებული რაიმე შემოსავალი პარლამენტარის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ნახშირის, ენერგეტიკულ და უძრავი ქონების კომპანიებს ფლობს. „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ 25%-იც ამ კომპანიას ეკუთვნის.
2006 წლის აგვისტოში „რუსთავის 2“-ის დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და არხს დაუბრუნდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი კობა დავარაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირი იყო. არველაძეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
იმავე წელს, მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია „პანორამამ“ „რუსთავი 2“-ის დარჩენილი 78% შპს „ჯეო-ტრანსზე“ გაასხვისეს. „ჯეო-ტრანსს“ ბიძინა ნიჟარაძე ფლობდა, რომლის ბიზნესსაქმიანობის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.
ათ დღეში „ჯეო-ტრანსმა“ წილების 55% ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Delgado Resources-ს მიჰყიდა. ამ ოფშორული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ლევან ყარამანიშვილი იყო. ყარამანიშვილი საქართველოში რამდენიმე სხვა ოფშორულ კომპანიასაც წარმოადგენდა, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც ფლობდნენ „კავკასუს ონლაინსა“ და „მობიტელს“ („ბილაინს“), რესტორნების ქსელ GMC-ს და თბილისის რკინიგზის სადგურზე მდებარე სავაჭრო ცენტრს. „ჯეო-ტრანსის“ მფლობელობაში მყოფი დანარჩენი 23% კი „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც 22%-ს უკვე ფლობდა.
2007 წლის დასაწყისში, მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანია „ჯეომედია გრუპმა“, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ისევ ბიძინა ნიჟარაძე იყო, Delgado Resources-ის 55% შეიძინა. ამ ორი კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა დღემდე უცნობი რჩება.
2007-2009 წლებში „რუსთავი 2“-ის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი იყო, რომელიც, შემდგომ, 2009-2013 წლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. 2008 წელს ჩიქოვანმა „რუსთავი 2“-ის 30% შეიძინა (15% – „ჯეომედია გრუპისგან“, 15% კი – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან“). საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებულ არქივის დოკუმენტებში ეს გარიგება ასახული არ არის.
როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის წევრი გახდა, თავისი წილები ისევ „ჯეომედია გრუპსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიჰყიდა, თუმცა ელექტრონულად ხელმისაწვდომ ოფიციალურ დოკუმენტებში არც ამ გარიგების შესახებ არის ცნობები. „რუსთავი 2“-ის დირექტორი ჩიქოვანის ბიზნესპარტნიორი გიორგი გეგეშიძე გახდა. გეგეშიძე გახლდათ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის Degson Limited-ის ოფიციალური წარმომადგენელი. ამ კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 70% შეიძინა. „რუსთავი 2“-ის დარჩენილი 30% კი ბეჟუაშვილების ოჯახის მფლობელობაში დარჩა („საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 30% თავის მფლობელ კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალს“ მიჰყიდა).
წლების განმავლობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, „რუსთავის 2“-ის მფლობელების ვინაობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ტელევიზიების ბურუსით მოცული მფლობელობის გამო საქართველოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აკრიტიკებდნენ. ამ თემის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის საშუალებით გავრცელდა.
2011 წელს პარლამენტმა ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობა აკრძალა და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნება მოსთხოვა. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შევიდა, ცოტა ხნით ადრე კი, ლევან ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ში Degson Limited-ის 60% და „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ 30% შეიძინა. გიორგი გეგეშიძემ, რომელიც Degson Limited-ს წარმოადგენდა, ოფშორული კომპანიისგან დარჩენილი 10% შეიძინა.
2012 წლის 4 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, „რუსთავი 2“-ის 40% დავით კეზერაშვილის კომპანია „მედია ჯორჯიაზე“ 500,000 აშშ დოლარად გასხვისდა. „მედია ჯორჯიამ“, რომელიც ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, წილები ხუთ დღეში გიორგი ყარამანიშვილს იგივე ფასად მიჰყიდა. ძმები ყარამანიშვილები მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები არიან, რაც საჯაროდ თავად სააკაშვილმაც დაადასტურა.

2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული „რუსთავი 2“ ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაში იყო: ლევან ყარამანიშვილი – 22%, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, გოგი გეგეშიძე (მისი სამართალმემკვიდრე) – 9%, ტელეკომპანია „საქართველო“ კი – 51%. თავის მხრივ, ტელეკომპანია „საქართველოს“ 100 პროცენტი ძმები ყარამანიშვილების საკუთრება გახლდათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, „საქართველო“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელევიზია იყო და მას მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა – იაგო ჩოჩელი ფლობდა. არჩევნების შემდეგ სიხშირე „ტაბულა TV“-მ შეიძინა.
2012 წლის ნოემბრიდან „რუსთავი 2“-ის დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამიაა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა განაცხადეს, რომ ტელეარხის დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას „რუსთავი 2“-ში ჩვენი წილების დასაბრუნებლად, რომელიც 2004 წელს არაკანონიერად წაგვართვეს“, – აცხადებდა დავით დვალი, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მათ პროკურატურის გზით წასვლა არჩიეს. საქმეს საგამოძიებო უწყება ამჟამადაც იძიებს, თუმცა აქიმიძე-დვალი ეჭვობენ, რომ პროკურატურაში მათი საჩივარი, გაურკვეველი მიზეზით, თაროზე შემოიდო. ამასობაში, სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც, ასევე ირწმუნება, რომ 2006 წელს ტელეკომპანიის წილები იძულებით დაათმობინეს.
აქ უკვე დვალი-აქიმიძისა და ქიბარ ხალვაშის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ჯერ კიდევ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ხალვაშმა ოფიციალურად გამოთქვა მზაობა, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ის აქციების 50 პროცენტს „რუსთავი 2“-ის პირველად დამფუძნებლებს გადასცემდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ამ პირობის შესრულების დრო დადგა და „რუსთავი 2“-ის წილების ხელახალი გადანაწილება ამ დღეებში, ალბათ, საჯარო რეესტრშიც ოფიციალურად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები