თამარ ჩუგოშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივაზე: ჩვენ არ გვინდა დავტოვოთ რაიმე კითხვის ნიშნები

 საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი თქმით, პრემიერის მიერ წამოყენებული ინიციატივა ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში რაიმე კითხვების გაჩენის შემთხვევაში, არსებობდეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი ნდობის მქონე ორგანო.
„დილით გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ მედიის საკითხებზე. გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა როგორც ის კონკრეტული სამართლებრივი დავა, რომელზეც ახლა უკვე მსჯელობს ევროპული სასამართლო, ასევე, ზოგადად, მედიაგარემო და მედიაპლურალიზმი საქართველოში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენთვის მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ღირებულება – ეს უფლება ბევრად უკეთესად არის უზრუნველყოფილი და დაცული ქვეყანაში, ვიდრე მანამდე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, მომართული ვართ იმისკენ, რომ ასეც გაგრძელდეს და უზრუნველყოფილი იქნას პლურალიზმი. ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ამ კუთხით ჩვენ დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება გვქონდეს. საზოგადოებაში რაიმე კითხვების გაჩენის შემთხვევაში, არსებობდეს ამ კითხვებზე პასუხის გამცემი მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი ნდობის მქონე ორგანო.
ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოში მოვიწვიოთ ძალიან რეიტინგული, მსოფლიო დონის ექსპერტები მედიაომბუდსმენის რანგში, რომელთაც ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, ექნება ძალიან კომპეტენტური აზრი და უპასუხებს ასეთი ტიპის კითხვებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს პოზიცია და ეს ინიციატივა ძალიან დადებითად და პოზიტიურად მიიღეს. ასევე, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი რეკომენდაციისთვის. თუ ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ მეტი ნაბიჯები არის გადასადგმელი ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება აღარ შეიზღუდოს ქვეყანაში, ისე, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იზღუდებოდა.
ამ წინადადებების მისაღებად ჩვენ ვართ გახსნილები. ჩვენ არ გვინდა დავტოვოთ რაიმე კითხვის ნიშნები, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებას არ გააჩნია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის არანაირი განზრახვა“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები