ედიშერ ქარჩავა: პროკურატურამ საპატრიარქოდან დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო

“პროკურატურამ საპატრიარქოდან დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. ​
ედიშერ ქარჩავამ არ დააკონკრეტა, თუ რა ინფორმაციას შეიცავდა ის დოკუმენტი, რომელიც დღეს პროკურატურის წარმომადგენელმა საპატრიარქოდან გაიტანა.
”რა ტიპის ინფორმაცია ამოიღეს, მე ამაზე კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩვენთან სასამართლო განჩინებით და მათთვის საინტერესო დოკუმენტაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა მამა გიორგი მამალაძესთან, ამოიღეს”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი – შორენა თეთრუაშვილი დაკითხა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ დაუდასტურა. მისი განცხადებით, თეთრუაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხეს.როგორც ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, “ციანიდის” საქმეზე სხვა პირებიც დაიკითხნენ, თუმცა იურისტი არ აკონკრეტებს, არიან თუ არა მათ შორის სასულიერო პირები. ქარჩავას თქმით, იგი საქმის მასალებს არ იცნობს და არც რომელიმე პირის დაკითხვას დასწრებია. „ე.წ. ციანიდის საქმეზე ის პირებიც დაიკითხნენ, ვინც ჩვენს სტრუქტურულ ერთეულებში მუშაობენ. ჩემი ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი მთავარმა პროკურატურამ ერთხელ უკვე დაკითხა. თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ მის და სხვა პირების დაკითხვას, დამატებით კვლავ დაკითხავს. არც ერთი პირის დაკითხვას არ დავსწრებივარ და რა თქმა უნდა, საქმის მასალებს არ ვიცნობ, რადგან საპატრიარქო ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ობიექტური პირის როლში გამოდის. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჩვენთან შეხვედრისას განაცხადეს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები