თამარ ხულორდავა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივაზე: ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება ხელს შეუწყობს იმას, რომ არა თუ რეალობაში არ იქნას პრობლემები, არამედ, რაიმე სახის კითხვის ნიშნებიც კი არ გაჩნდეს საზოგადოებაში.
„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედიასივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისივე შეფასებით, მედიასივრცე დღეს არის გახსნილი და თავისუფალი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ ტელევიზიასაც, არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება საკუთარი მაუწყებლობის განხორციელების კუთხით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს ინიციატივა, რითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ხელს შეუწყობს, რომ არათუ რეალობაში არ იქნას პრობლემები ამ მხრივ, არამედ რაიმე კითხვის ნიშანიც კი არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები