უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს თავისუფლების მაღალი ხარისხი ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა ფრუიძე მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ ინსტიტუტი ხაზს გაუსვამს დემოკრატიის იმ ხარისხს, რაც ქვეყანაშია. ირინა ფრუიძის განცხადებით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს დაკვირვებისა და ანალიზის გარდა, საშუალება ექნება, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციები გასცეს და დასკვნები მოამზადოს.
“ეს ინიციატივა ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების მზადყოფნას, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. ასევე, ადასტურებს დემოკრატიის იმ ხარისხს, რაც ქვეყანაში არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტში მოწვეულნი იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედია ექსპერტები, რაც კიდევ უფრო მაღალს გახდის აღნიშნული ინსტიტუტის თავისუფლების ხარისხს”, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეით გამოდის. ამასთან დაკავშირებით პრემიერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც “რუსთავი 2″-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები