უმრავლესობის დეპუტატს იმედი აქვს, რომ სტრასბურგში მტყუან–მართალი უკეთ გამოიკვეთება

უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი „რუსთავი 2“–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსგან მეტი სიმართლის გარკვევას ელოდება. ამ თემას პარლამენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მტყუან-მართალი კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამას ხელს, ნაცმოძის ვა-ბანკი შეუწყობს. მათ ხომ სტრასბურგის სასამართლოს მისწერეს, თუ აღსრულებას არ შეაჩერებთ: თბილისის ქუჩებში ქაოსი ატყდებაო და მსგავსი არგუმენტები. მორიგე მოსამართლემაც უფრო ვერ გარისკა, ვიდრე გარისკა! სტრასბურგში ცრემლით დასველებულ, გაგზავნილ ეპისტოლეზე, ციცერონის გამონათქვამი გამახსენდა : Epistola non erubescit (წერილი არ წითლდება)“, – წერს ჩრდილელი ფეისბუქის გვერდზე.
„სოც-ქსელში ევროსკეპტიკოსებიც ძალიან გააქტიურდნენ… ერთი კითხვა იმ ხალხს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” არგუმენტებს იზიარებს: თქვენი “საუკეთესო და მოსაწონი ვერსიით” რა უნდა ექნა ხელისუფლებას: დაერეკა მოსამართლეებისთვის და “რუსთავი 2” “ნაცებს” დაუტოვეო, თუ ხალვაში დაებარებინა – სარჩელი გამოიტანეო?! ეგებ მიპასუხოთ: ისეთი ტერორი და ზეწოლა-ქვედა დინებებია ქვეყანაში, ცხრავე მოსამართლეს ჩამოუარეთ და შეაშინეთ ან ყველანი ერთად მოისყიდეთო. მაშინ ეს (მორიგი) უტიფარი პასუხია და რამდენი კაცი დაიჯერებს, ერთად დავთვალოთ. ოღონდ არა – “რუსთავი 2”-ის კალკულაციით…“, – აცხადებს ოთარ ჩრდილელი.
ევროსასამართლომ გუშინ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
“რუსთავი 2”-მა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნა. “რუსთავი 2”-ის იურისტები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოსგან ითხოვდნენ, რომ მას შეეჩერებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნებოდა სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არსებითად განხილული.
უზენაესმა სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები