ქიბარ ხალვაში: გირგვლიანის თემის გაშუქებამ შეიწირა ჩემი და ”რუსთავი 2”-ის ურთიერთობა

ფაქტობრივად გირგვლიანის თემის გაშუქებამ შეიწირა ჩემი და ”რუსთავი 2”-ის ურთიერთობა, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერეოდა. ხალვაში მიიჩნევს, რომ გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის გუნდი არაპროფესიონალურად მოიქცა.
”მე მიმაჩნია, რომ ჩარევა იყო მინიმალური, და ის მინიმალური ჩარევაც სარედაქციო პოლიტიკაში იყო ჩემი შეცდომა. ვთვლი, რომ ამას მე გამოვასწორებ. ორი წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იტყვის, რომ ქიბარი მოდიოდა და სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა, ის ორი შემთხვევაც ისევ თითზე აქვთ დახვეული და ლაპარაკობენ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში მიმდინარეობდა აქცია და სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში „ლაივში“ მიდიოდა. ვუთხარი, რომ ეს არ არის 4-საათიანი „ლაივის“ თემა. შეიძლება დაამოკლოთ და საინფორმაციოში გადატანოთ. ზუსტად ეს იყო ჩემი შეცდომა, ეს იყო მთელი დღის ზეწოლის შედეგი, პერსონალურად დამირეკა სააკაშვილმა, გიგი უგულავამ, ვიფიქრე, განვტვირთავ დაძაბულობას ”რუსთავი 2”-სა და მათ შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ პატივს არ მცემენ და თითქოს დენის წყაროს გამორთვას ვცდილობდი. არც ვიცი სად უნდა გამოვრთო დენის წყარო, რადგან ტექნიკურ ნაწილში ვერ ვერკვევი. ეს იყო მათი პოლიტიკის ნაწილი, რომ ქიბარ ხალვაში არ არის გარკვეული და გვერეოდა საქმიანობაში.
გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ გუნდი არაპროფესიონალურად მოიქცა, მაგრამ მე ვთვლი „იმედს“ ჰქონდა პრივილეგია ეს ადრე გაეშუქებინა. ფაქტობრივად გირგვლიანის თემის გაშუქებამ ”რუსთავი 2”-ში შეიწირა ჩემი და ”რუსთავი 2”-ის ურთიერთობა. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლო მიმდინარეობდა, ბოლო სხდომა იყო და თურმე ხელისუფლებას დაუგეგმავს, რომ პირველი თემა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. იმ დღეს ”რუსთავი 2”-ზე პირველი თემა იყო სასამართლოს გაშუქება. ზუსტად ამას მოყვა ყველა ის კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ტელევიზია დავკარგე”, – განაცხადა ხალვაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები