პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, „თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის“.
,,დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა, ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“. ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მხრიდან არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე. მისივე თქმით, იგი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურ და ფართო ფორმატებს შეუქმნის, სადაც ისინი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა წაერთვათ უფლება, თავად აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები