„რუსთავი2“ -მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ტელეკომპანია „რუსთავი2“ -მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი, აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნეს.
„ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მისი თქმით, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პრეცედენტი.
„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ შანსები ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების არ არის დიდი, ძალიან მინიმალურია. თუმცა “რუსთავი 2”-ის გუნდმა, რომელიც არის მებრძოლი გუნდი, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მაინც გამოგვეყენებინა შანსი, გვეცადა და შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.