„დარწმუნებული ვიყავი,  წარმატებას მივაღწევდი“… –  საფერავში დაძველებული „ტიბაანური ყველის“ საიდუმლო

ტიბაანში, სტუმართმოყვარე და დიდ ოჯახში გაიზარდა… მისი ბიზნესიც ამ უძველეს და ტრადიციებით განთქმულ სოფელს დაუკავშირდა. „ტიბაანური ყველი“ უკვე ცნობილი ბრენდია, რომელსაც იგი საფერავსა და თაფლში აძველებს. ამ ყველის დამზადება და გაყიდვა მარტომ და პირველმა დაიწყო. ამბობს, რომ პირველ კურსზე დაიწყო საკუთარი ბიზნესი და საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა ამად ღირდა… – მანჩო ხატიაშვილის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა იყო ლაღი და ხალისიანი, ოჯახს რაც შეეხება, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი, ხალხმრავალ და დიდ ოჯახში გავიზარდე. მშრომელი და თბილი მშობლები მყავდა, განსაკუთრებით მამა… ყველაზე ტკბილად ბავშვობა, სოფელში ცხოვრება და სილაღე მახსენდება.
– სკოლის პერიოდში სპორტი გაინტერესებდათ…
– სკოლის პერიოდიც არანაკლებ ტკბილად მახსენდება, ესეც ისევ სოფელში… დაინტერესებული ვიყავი სპორტული ჟურნალისტიკით ნამდვილად და გარკვეული პერიოდი ვიმუშავე კიდეც სპორტკორესპონდენტად რამდენიმე გაზეთში… თუმცა, ამავდროულად, სპორტფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული და შანსი მომეცა, ძიუდოს ფედერაციაში მემუშავა, ამიტომ ამ საქმეს გავყევი და 3 წელი ვიმუშავე, თუმცა პარალელურად სტატიებსაც ვწერდი…
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდით. როდის გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი ბიზნესი გქონოდათ?
– ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ნამდვილად დიდი გამოცდილება და განათლება მომცა ამ უნივერსიტეტმა, მე-3 კურსზე გაცვლითი პროგრამით პოლონეთშიც ჩავედი. პირველ კურსზე ვიყავი, ჩემი ბიზნესი რომ დავიწყე.
– ბრენდს „ტიბაანური ყველი“ ჰქვია. ეს საქმე პაპამ დაიწყო და ახლა თქვენ აგრძელებთ…  „ტიბაანური ყველი“ სასიამოვნო სიახლეა… ტიბაანი ხომ ტრადიციულად სამარკო ღვინითაა განთქმული…
– ეს საქმე პაპას არ დაუწყია. ეს დაიწყეს ჩემმა მშობლებმა, მამა გარდაიცვალა და დედამ განაგრძო მოღვაწეობა, თუმცა პაპა ყოველთვის გვერდში გვედგა და დიდი წვლილი მიუძღვის. ეს საოჯახო ბიზნესია. საწარმო არის სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. მე ვაკეთებ დელიკატესი ყველის 2 სახეობას –  საფერავსა და თაფლში დაძველებულს… საქართველოში პირველებმა ჩვენ გავაკეთეთ, ამიტომ ამ ყველს „ტიბაანური“ დავარქვით და ამით ტიბაანის პოპულარიზაციაც მოვახდინეთ, მართალია ტიბაანი ცნობილია ღვინით,  და არა მარტო მაგით,  „ტიბაანურ ყველს“ ახლა ძალიან ბევრი ცნობს…
– ამას წინათ, ლონდონში ქართული კულტურის დღეებზე მსოფლიოში უნიკალური ტიტულიც მიანიჭეს… რამდენად ეფექტიანია ეს  ბიზნესი ოჯახისთვის?
6 წელია ამ ბიზნესს ვემსახურები, მარტომ დავიწყე ამ ყველის კეთება და გაყიდვა, მარტომ და პირველმა დავიწყე სრულიად გამოუცდელმა… ეს ჩემი პირადი ბიზნესია (ოჯახი არ ერეოდა და არც ახლა ერევა, სრულიად დამოუკიდებლად ვაკეთებ დღემდე), თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილად მივაღწევდი წარმატებას და „ტიბაანური ყველიც“ ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადი იქნებოდა…
ამაში ხელს თვითონ ყველის ხარისხი მიწყობდა და შემართება, შრომისმოყვარეობა და ამ საქმის სიყვარული, რაც თავიდანვე გამაჩნდა… საკმაოდ რთული გზა გავიარე, თუმცა ამად ღირდა!
– ყველის მრავალ ფესტივალში მონაწილეობთ, ასევე ღვინის ფესტივალებშიც… საფერავში ყველის დაძველების მეთოდის იდეა ვის ეკუთვნის?
– ეს  მეთოდი კონკრეტულად ბიძაჩემ გიორგი ხატიაშვილის იდეა იყო, რომელიც  მე განვახორციელე…  ტექნოლოგი გვყავს, რომელმაც განათლება საფრანგეთში მიიღო და დღემდე აკეთებს… თავიდან ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ამ საქმეს, თუმცა მე მოვიწადინე, რომ იტყვიან, ძალისძალათი დავაწყებინე ამ ყველის კეთება და გავიტანე ბაზარზე პირველად. ხოლო თაფლში დავარგების პრინციპი დედაჩემ ნინო სიფრაშვილის მეთოდი იყო და ამანაც გაამართლა.
– ევროპაში ყველს უამრავი ტექნოლოგიით ამზადებენ. როგორ უნდა დაამზადო პროდუქცია, რომ კონკურენცია გაუწიოს იმ პროდუქტს?
– უნდა იყოს ხარისხიანი, განსხვავებული და კარგად ბრენდირებული…
– ტურიზმი… ალბათ, ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება კახეთი, თქვენს პროდუქტსაც თუ დააგემოვნებენ?
– ნამდვილად მიმზიდველია, მე თვითონ ჩამომყავს ჯგუფები (სტუმრები) პოლონეთიდან და ჩეხეთიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იწვევს ჩემი ყველი ბევრ სხვა რამესთან ერთად. ვგეგმავ რაღაცებს (ჯერ საიდუმლოა), რაც ყველთან იქნება დაკავშირებული და რაც უფრო მეტად მოიზიდავს ტურისტებს.
– ქალი და ბიზნესი… – რამდენად არის პირობები ჩვენთან, რომ რეგიონში ქალს ჰქონდეს წარმატებული ბიზნესი?
– ჩემი აზრით, ქალი და ბიზნესი იდეალური შერწყმაა… შეიძლება ბევრი რამ კაცებზე უკეთესადაც კი გამოგვდის…  რეალურად რომ დავფიქრდეთ, რეგიონში ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება (იდეების ზღვაა), თუმცა ამის დიდი პოტენციალი არ არის….კარგი იქნება, თუ შეიქმნება ყველა პირობა, რომ ხალხმა (ქალებმა) არ იფიქრონ ქალაქში ცხოვრებაზე და დასაქმდნენ სოფელში.
–  მანჩო ხატიაშვილის ერთი დღე…
– ჩემი ერთი დღე – დილა იწყება ოჯახური იდილიით…. შემდეგ მოსდევს- საქმიანი შეხვედრები…. გასეირნება და განტვირთვა…
– ოჯახი…
– მყავს ოქროს მეუღლე და შვილი – ელენე… რაზეც ალბათ ყველა ქალი ოცნებობს და მათ შორის მეც… ბანალურად ჟღერს, თუმცა ვთვლი, რომ ასეა, მაქვს იდილიური პატარა და თბილი ოჯახი… მყავს მზრუნველი ქმარი და ხალისიანი ელენე, რითაც ვხარობ და ვხალისობ….
–  ჰობი?
– ჩემი ჰობია  მოგზაურობა, ძიუდოს ყურება და ფოტოგადაღება…
სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებსაც (ნაწილს საიდუმლოდ შევინახავ) გარკვეული მიზეზების გამო…. თუმცა დაწყებული მაქვს მუშაობა იმაზე, რომ უფრო მეტი განათლება მივიღო ჩემს სფეროში, განვვითარდე როგორც პიროვნულად, ასევე სულიერად…

                                                                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები