იონათამიშვილი – მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს
“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს. ფაქტობრივად, ჯერ ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანება ხომ მათთვის ძალიან შორეული პერსპექტივაა, შემდეგ იმასაც კადრულობენ თქვან, რომ არასრულფასოვნად უყურებენ ნებისმიერ ამ სახელმწიფოს. სინამდვილეში, ის იდეა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება, არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება და როდესაც მის წინააღმდეგ მიდიხარ, სინამდვილეში იმ ჩანასახს უპირისპირდები, საიდანაც მოდის თვითონ ევროკავშირი. ანუ, ევროკავშირის ღირებულებებს, მის წარსულს ეწინააღმდეგები და, ამასთან, მოდიხარ კონფლიქტში“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.