პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს – ის არ არის უბრალოდ ბიზნესი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიზირებული უწოდა.
როგორც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, “რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი. მისივე თქმით, იგი წარმოადგენს საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს და ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
პრეზიდენტმა, თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებების მოსმენისკენ მოუწოდა.
ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით გამოსვლისას, 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მან აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და ტრაგიკული გადაწყვეტილება უწოდა.
„პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად, დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე. მაშინვე მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება იმისთვის, რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გამომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში. მას მერე, პოლიტიკისოების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა.
არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა საზოგადოებას ვუთხრა , რომ „რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე, როგორც  ნებისმიერი მედია. ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში, ყველა ჩემს შეხვედრაზე, რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, „რუსთავი 2“-ის თემა იყო წამოწეული და მე მქონდა აუცილებლობა ამ თემებთან დაკავშირებით როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა, ასევე მიმეცა კომენტარებიც.
საერთაშორისო თანამეგობრობაც „რუსთავი 2“-ის პროცესს არა როგორც სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს. ხედავს პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიის თავისუფლების გარემოსა და პლურალისტურ გარემოზე. იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როდესაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ არხის დამოუკიდებლობის მიმართ.
მინდა ყველას გავახსენო, 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე, მოხდა იმედის დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისთვის, ფაქტობრივად, იმ წამსვე, პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.
აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო დანაშაულებრივი და პროვოკაციული გადაწყვეტილებების მიღების თავშეკავებისკენ.
თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს , საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები