მთავრობის ადმინისტრაცია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს, ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
„საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია, მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად. ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს საქმესთან დაკავშირებით მიიღო, რის შედეგადაც, ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები