ქუცნაშვილი “რუსთავი 2“-ზე: ყველა წინა მფლობელი მიიჩნევს, რომ ტელევიზია იყო წართმეული

“ყველა წინა მფლობელი მიიჩნევს, რომ ტელევიზია იყო წართმეული. ახლა ესენი ერთმანეთში როგორ შეთანხმდებიან და როგორ მოილაპარაკებენ, ჩვენი საქმე არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ ,,რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა. ​
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პლენუმის გადაწყვეტილებით დადასტურდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების სისწორე. მისივე თქმით, ჯამში, 14-მა მოსამართლემ შეამოწმა ამ გადაწყვეტილების სისწორე. ,,მე, ერთი ვიცი, რომ გვარამია -სააკაშვილამდე ვინც კი იყო მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი, ყველა მიიჩნევს, რომ ეს ტელევიზია იყო წართმეული. იგივე აქიმიძე, იგივე დვალი, ცხონებული კიწმარიშვილი, იგივე ხალვაში. ყველა წინა მფლობელი მიიჩნევს, რომ ტელევიზია იყო წართმეული. ახლა ესენი ერთმანეთში როგორ შეთანხმდებიან და როგორ მოილაპარაკებენ, ჩვენი საქმე არ არის”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ამასთან, ქუცნაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ,,რუსთავი 2” არის საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გარანტი. მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია არასოდეს ყოფილა ობიექტური. „მიმაჩნია, რომ ,,რუსთავი 2”, როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო, ტყუილს ლაპარაკობდა და უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ახლა, როცა გვარამია – სააკაშვილის ტელევიზიაა, ახლაც ტყუილს ლაპარაკობს, ასე რომ, მე არ მივიჩნევ, რომ თქვენ გაქვთ უფლება მონოპოლიზირება მოახდინოთ ყველა მედიასაშუალების უფლებისა, რომ თქვენზე გადის დამოუკიდებლობა. თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო?! ეს ხომ ცინიზმი და შეურაცხყოფაა ყველა დანარჩენი ჟურნალისტის მიმართ. დღეს თქვენ ბოროტად სარგებლობთ სოლიდარობის იმ სტანდარტით, რაც არსებობს ჟურნალისტურ საზოგადოებაში. ხმას ვერ იღებენ ჟურნალისტები თქვენთან მიმართებაში, თორემ ხომ ყველამ იცის, რომ თქვენ არ ხართ დამოუკიდებლობის გარანტი. არასდროს არ ყოფილხართ ობიექტური ტელევიზია”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები