მამუკა მდინარაძე: “რუსთავი 2”-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას

“რუსთავი 2”-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, თავად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც დაეთანხმა.
“რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი – “რუსთავი 2”-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას. ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს. გუშინდელ განცხადებებს ჩვენ თვალყურს ვადევნებდით და როგორც ჩანს, გვარამია თავადვე დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაიწყო უკვე ოფიციალურ მეპატრონესთან მოლაპარაკებები “რუსთავი 2”- ის ყიდვის შესახებ”, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქმის მასალებს ასე მალე გაეცნენ, მამუკა მდინარაძის თქმით, „ამ ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როდესაც საქმის განხილვა მიმდინარეობს, ეს არის დასკვნითი ეტაპი საქმის განხილვისა“.
„მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე ნამდვილად ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას სასამართლოს იმგვარად, რომ ამას პოლიტიკური ვუწოდო, ასეც რომ ვფიქრობდე, თუმცა ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და აისახა შესაბამის შედეგში. როგორც ვიცი, ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მდინარაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები