ეკა ბესელია: ტელევიზიის ხელმძღვანელი პირები ჟურნალისტებს საკუთარი მოსახლეობის სამიზნე იარაღად იყენებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რის საფუძველზეც „რუსთავი 2“ ძველ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე სამართლებრივი პროცესი, რომლის პოლიტიზირებას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”.
„ ჩემთვის ეს არის სამართლებრივი დავა საკუთრებასთან დაკავშირებული, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილი და მისი გუნდი. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ტელევიზიაში მუშაობენ, ნაკლებად ფიქრობდნენ და ფიქრობენ ტელევიზიის ის ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამ ჟურნალისტებსაც, როგორც საკუთარი მოსახლეობის სამიზნე იარაღს, ისე იყენებენ. მე ყველას არ ვგულისხმობ და ვისაც ვგულისხმობ, ის თავად ამოიცნობს ამ ნათქვამში თავის თავს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, მას ძალიან კარგად ახსოვს 2007 წელს, მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ერთდროულად იყო ზურაბ ადეიშვილი, ქიბარ ხალვაშის მიერ გაგზავნილი პირველი საჩივარი.
“ამ საჩივრის ასლი მეც მქონდა, იმიტომ, რომ მის დაწერაშიც ვიღებდი მონაწილეობას, ქიბარ ხალვაში მიმართავდა მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს და ითხოვდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით საკუთრების ჩამორთმევის თაობაზე გამოძიებას. ეს იყო 2007 წელი, დღეს 2017 წელია, მე ათი წლის წინ მაქვს ნანახი ეს პროცედურები და მახსოვს, როგორ ხდებოდა მსგავსი უკანონობა. იქამდეც ხდებოდა ეს უკანონობები ამ ტელევიზიის მიმართ და საკუთრებასთან დაკავშირებული სრულიად დაუშვებელი ფორმების გამოყენება. ამიტომ ჩემთვის ეს არის სამართლებრივი დავა საკუთრებასთან დაკავშირებული, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილი და მისი გუნდი”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური და ღირსეული მუშაობის პირობები, ტელევიზიას ჰქონდეს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები