ქიბარ ხალვაში წინა ხელისუფლებაზე: ქონება ჩამოგვართვეს, აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში ძალისმიერი მეთოდით შესვლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ტელევიზიას ახალი მენეჯმენტი მიმდინარე თვეში გადაიბარებს.
როგორც „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, ტელევიზიის არცერთი ჟურნალისტის გაშვებას არ აპირებს და ამბობს, რომ ვისაც დარჩენა უნდა, დარჩება, ვისაც წასვლა-წავა.
„როდესაც სასამართლოს მივმართეთ, იმ დღიდან ველოდებით, რომ ჩვენ მოგვაკუთვნებდნენ. ისე არ მივმართავდით, დარწმუნებული ვიყავით სიმართლეში. ტელევიზიაში უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ მოხდება ძალდატანებით, არც დღეს და არც ხვალ.
ახალი მენეჯმენტის პირობებში, „რუსთავი 2“ შეიცვლება ისე, რომ ის არ იქნება ერთი პარტიის ტელევიზია, ის მთელი საქართველოს ტელევიზია გახდება. იქნება კრიტიკული და არ იქნება პარტიული“, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.
ტელეკომპანიის ახალი მფლობელი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი ამ შემთხვევაში არა მას, არამედ სახელმწიფოს უპირისპირდება.
„ჩვენ ჩვენს თავზე გვაქვს განცდილი უკანონობა. ქონება ჩამოგვართვეს და შემდეგ აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს. ვერაფერი ვერ გავაკეთე, რადგან სახელმწიფო იყო ჩვენ მიმართ უკანონო. ეს ყველაფერი არის ინსპირირებული სააკაშვილის მიერ და ის ხალხი ბარიკადებზე მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას. მე არ მითქვამს, რომ ვყიდი ტელევიზიას, არ ვაპირებ უახლოეს მომავალში. ვთქვი, რომ ვერ შეგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“- ის მფლობელი ვიქნები-მეთქი“,-აღნიშნა ხალვაშმა და დასძინა, რომ ტელეკომპანიის გასხვისებას ჯერჯერობით არ აპირებს.
„ჯერ უნდა შევაფასო, თუ ბიზნესი მომგებიანი და წარმატებული იქნება, თუ არადა, ვინც უკეთესად გააკეთებს, იმას მივყიდი. ჩვეულებრივი კომერციაა.
ვისაც უნდა წასვლა, ყველა წავა, ვისაც უნდა დარჩენა – დარჩება. თუ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებული ტელევიზია, გვჭირდება რეიტინგი, რასაც პროფესიონალები სჭირდება და „რუსთავი 2“- ში პროფესიონალები არიან“, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გუშინდელი გადაწყვეტილებით დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები