“დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას“

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე, როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მედიის თავისუფლება საზოგადოების დაკვეთაა.
„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისვე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას.
„ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში აღნიშნული საკითხი არ დასმულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები