ნიკა გვარამიას შეთავაზება ქიბარ ხალვაშს – “გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს, დარჩენილ თანხას გადავიხდით ჩვენ”

გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს, თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს, – ამ სიტყვებით ნიკა გვარამიამ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა.
„რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას – ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღე „რუსთავი 2“, ეს ადამიანები არიან ისინი, ვის გამოც „რუსთავი 2“ არის ისეთი, როგორიც არის, მე ნუ მიგულისხმებთ, მე ვარ დაქირავებული მენეჯერი. ეს ადამიანები ქმნიან დღეს „რუსთავი 2“-ს და მათთან ერთად ბევრი სხვა პროფესიონალი. გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს. თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ყველა ტელევიზია, გადაეცით „რუსთავი 2“ ამ კოლექტივს“, – განაცხადა გვარამიამ.
“რუსთავი2“ -ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, რომ მისი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ თანხას, რომელსაც ის ითხოვდა, გადაუხდიან.
„რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კომერციულ ინტერესებს, იგი სასამართლოში დაობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე. ჩვენ დავთვალეთ ეს არის 4 209 397 დოლარი იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, დარჩენილ 3 944 397 დოლარს  გადავიხდით ჩვენ. ხო უნდა გაყიდვა ტელეკომპანიის, ხო უნდა ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება?! ჩვენ მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს, საქართველოს ხელისუფლებას – ამ ადამიანებს გადაეცით „რუსთავი 2“-ის 100% და თქვენს კომერციულ ინტერესს დავაკმაყოფილებთ ჩვენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ეთერიდან გასვლას არ აპირებენ.
„ვაგრძელებთ მუშაობას, არ გავდივართ ეთერიდან, ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს“, – აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები