გია ვოლსკი: ყარამანიშვილის ასპარეზიდან საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მისი საკუთრება არ არის
ყარამანიშვილის ასპარეზიდან საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება მას ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ, „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მისი სურვილია, რომ „რუსთავი 2“– მა განაგრძოს მუშაობა.
„ყარამანიშვილის ასპარეზიდან საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება მას ჰქონდეს. თუ კი გადაწყდა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანთან გაიმარჯვა კერძო საკუთრებაზე დავაში – ეს არანაირად არ მაძლევს საფუძველს, გამოვხატო გადაწყვეტილების მიმართ ჩემი მოსაზრება. მინდა, რომ „რუსთავი 2“ მუშაობდეს, თავისი ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.