ნიკა გვარამია: საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება
რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით სქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, დიდ პალატას მხოლოდ 6 საათი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოსატანად, რაც ძალიან მცირე დროა ასეთი საქმის განსახილველად.
„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით სქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება. სასამართლო სისტემა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ძალიან გულუბრყვილოა, ვინც ფიქრობს, რომ 1 მარტს ხელშეკრულების უკან წაღება ასევე მარტივად ვერ მოხდება. რა თქმა უნდა მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანაირ კარს დაგვიკეტავენ. ვგულისხმობ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების მიზანიც ეს იყოს. „რუსთავი 2“ იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მოხდა ყველაფერი, მათ შორის დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 6-საათიანი განხილვის შემდეგ. ეს საქმე შედგება უამრავი ტომისგან, რომელიც წასაკითხია თუ გინდა რომ გადაწყვეტილება მიიღო ობიექტურად“, – განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს.
9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
– ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამა”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“.
– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;
– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.