თეა წულუკიანი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ილია მეორე რაც შეიძლება დიდხანს იყოს ქვეყნის პატრიარქი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების მიერ თავიდან იქნა აცილებული ტრაგედია, – ამის შესახებ წულუკიანმა გადაცემა „მთავარში“ ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ის მტკიცებულებები, რაზეც ირაკლი შოთაძემ ბრიფინგი ჩაატარა, სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული ნებართვით მოპოვებული კანონიერი მტკიცებულებაა.
„ჩვენი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების მიერ თავიდან იქნა აცილებული ტრაგედია. რა იყო შინაარსი ამ ტრაგედიის, ეს დეტალურად უნდა დაადგინოს სახელით და გვარით, ან სახელებით და გვარებით გამოძიებამ.
ის მტკიცებულებები, რაზეც ირაკლი შოთაძემ ჩაატარა ბრიფინგი, არის არა რაიმე ტიპის ციდან ჩამოვარდნილი ფარული ჩანაწერი, რომელიც ვიღაცამ ჩაწერა და არ ვიცით როგორ ჩაწერა, არამედ, სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული ნებართვით მოპოვებული კანონიერი მტკიცებულება.
ამ ადამიანის მიმართ წაყენებული ბრალი ნათელია, ეს არის მკვლელობის მცდელობა. მცდელობა იმიტომ, რომ ვერ აღსრულდა დანაშაული, რაც, როგორც ჩანს, იგეგმებოდა“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ილია მეორე დიდხანს იყოს საქართველოს პატრიარქი.
„ადვოკატებს და მათ შორის პატიმარსაც, აქვთ ყველა საშუალება, მათ შორის პატიმარსაც, რომ მისცეს ჩვენებაც, ითანამშრომლოს, გაეცნოს საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენ ვისმენთ იმას, რომ როდესაც კონკრეტულ კითხვებამდე მიდგა საქმე, პატიმარმა უკვე უარი თქვა პროკურორთან შეხვედრაზე, შემოთვალა რელიგიური წყევლა და ამით შემოიფარგლა, ეს მისი უფლებაა.
თავიდან იქნა აცილებული ის, რაც როგორც ჩანს იგეგმებოდა და ამას წყალი არ გაუვა, რომ რაღაც იგეგმებოდა. ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა, ამაზე არსებობს რამდენიმე ვერსია, მაგრამ გარეთ გამოსატანად, როგორც ჩანს, ჯერ არცერთი ვერსია არ არის მზად იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაემსგავსება ჭორაობას.
თუმცა, პროკურატურამ, მეც ვეთანხმები, რომ რაღაც დოზით საზოგადოებას რაღაც ინფორმაცია უნდა მისცეს, მაგრამ ამ პორკურატურისაც უნდა გავიგოთ, რადგან როდესაც არაფერი თქვეს, სამი დღე იყო, რომ გამოდით უნიათოებო, უთხარით ხალხს რა ხდება, ხომ კარგად არის ჩვენი პატრიარქიო. შემდეგ გამოვიდა მთავრობაც და მთავარი პროკურორიც და თქვა, რომ არის სიმშვიდე, პრევენცია მომხდარია, უბედურება ვეღარ მოხდება, დაცვაც გაგზავნილია. ახლა ამაზე ატყდა ამბავი, რომ რატომ თქვეს, ეს უნდა მიეჩუმათებინათო.
ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პატრიარქი, რომელიც ჰყავს ქვეყანას, იყოს რაც შეიძლება დიდხანს პატრიარქი. ამისთვის ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, თუნდაც, ამის გამო, გახდეს დარტყმების და კრიტიკის საგანი თვითონ“,- განაცხადა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემაში აღნიშნა, მეუფეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყველა არხზე ამ საქმეზე საუბრობს, ერთ რამეში ეთანხმება.
„ძალიან შემაშფოთა პირველი საათების თუ დღეების ძალიან მაღალი ხარისხის უნდობლობამ, რომელიც საერო თუ სასულიერო პირებმა გამოხატეს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს სიტუაცია შეცვლილია.
ამ ბოლო დღეებში, ბევრს ვუსმენთ ერთ-ერთ მეუფეს დასავლეთ საქართველოდან, ყველა არხზე და თითქოს, ტენდენციაც არის, რომ არავინ მას არ უნდა დაეთანხმოს, რომ თითქოს შეტევაზეა, ის მართლაც შეტევაზეა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე მას ყველა ეთერში მართალი გითხრათ ვერ ვუსმინე, ამას მოთმინება სჭირდება, რომელიც მე ასეთი დოზით არ მაქვს, მაგრამ ერთ რამეში მინდა მას დავეთანხმო:
მან თქვა, რომ 2004 წელსაც იყო რაღაც ეჭვები, რომ რაღაც იგეგმება, პატრიარქის წინააღმდეგ, შემდეგ 2009 წელს დაიწერაო, თითქოს პატრიარქის მოწამვლა ცადესო.
საერო ხელისუფლებას მაშინ არ ეყო გამბედაობა, რომ გამოძიება დაეწყო, ამ გამოძიებაში ღმერთის ხელი ურევიაო. მას ამაში უნდა დავეთანხმოთ, ამ ხელისუფლებას ეყო გამბედაობა იმისა, რომ ეთქვა – ამას მე არ დავუშვებ და გამოძიებას ჩავრთავ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.